თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ანი ახმეტელი სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო შსს-ში სამართალწარმოების დაწყების შესახებ ანი ახმეტელმა 23 დეკემბერს შეიტყო. საქმეში დევს პოლიციის მაიორის, გიგა ბატკუაშვილის შედგენილი ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ახმეტელს ედავებიან 17 დეკემბერს „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით.
დღეს იმავე საქმეზე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4-4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა სანდრო მეგრელიშვილსა და დიმიტრი ჯამბურიას, ხოლო ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს - 5-დღიანი პატიმრობა. სანდრო მეგრელიშვილი პირველი იყო, ვისაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა შეუფარდეს.
22 იანვარს, მსგავს საქმეზე აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.
კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.
- საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
- მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
- ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.
ფორუმი