უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგი შეტევა იყო, მსხვერპლია ოდესასა და ხარკოვში

რუსეთის ჯარები უკრაინის ოდესის ოლქს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლია ოდესის და ხარკოვის ოლქებში.

დრონებით შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. გამოცხადდა საჰაერო განგაში.

9 თებერვალს გამთენიისას ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი დაშავდა. ხანძრები გაჩნდა მრავალბინიან სახლსა და არასაცხოვრებელ შენობაში, დაზიანებულია გაზსადენი.

დრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქზეც. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარკოვის ოლქის მალოდანილოვის რაიონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია სახლები.

განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოჰოდუხოვში რუსული დრონით დარტყმის შედეგად განადგურებულია კერძო სახლი. დაიღუპნენ ქალი და 10 წლის ბიჭი. დაშავებულია სამი ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად სინელნიკოვის რაიონში დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგო. ხანძარი გაუჩნდა 3-სართულიან სახლს. სამი კერძო სახლი დაზიანდა ამავე ოლქის ვასილკოვის რაიონში.

ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ნოვგოროდ-სევერსკის რაიონში დაიღუპა 71 წლის კაცი. კიდევ ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაზიანებულია სახლები.

ასევე ნახეთ ზელენსკი: აშშ-ს სურს, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმება 2026 წლის ივნისისთვის გააფორმონ

4-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. მიღწეული შეთანხმებით, უკრაინამ და რუსეთმა 157-157 ტყვე გაცვალეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში განაცხადა, რომ აბუ-დაბიში მოლაპარაკებისას ამერიკულ მხარეს ჰქონდა ახალი ენერგეტიკული ზავის წინადადება, რასაც უკრაინა დაეთანხმა, რუსეთის დელეგაციამ კი პასუხის მოგვიანებით გაცემის პირობა დადო.

ზელენსკის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის და რუსეთის მომლაპარაკებელთა ჯგუფებს ამერიკაში შეხვედრა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ მომდევნო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ მაიამიში გაიმართება და უკრაინამ თავისი მონაწილეობა უკვე დაადასტურა.

აბუ-დაბიში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ახალი რაუნდი მალე იქნება. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, შეკითხვას, შესაძლებელია, თუ არა მორიგი რაუნდის აშშ-ში ჩატარება, პესკოვმა უპასუხა, რომ „არა“.

ასევე ნახეთ უკრაინაში გამოკითხულთა 52% უარყოფს დონბასის სრულად დათმობას უსაფრთხოების სანაცვლოდ

ომის დასრულების პირობებზე მიმდინარე მოლაპარაკებებისას რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და შესაბამისად, უკრაინის ჯარების გაყვანა რეგიონის იმ რაიონებიდან, რომლებსაც დღემდე კიევი აკონტროლებს.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე უკრაინამ დონბასის შესახებ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.

აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მარტს განიხილავდნენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლო ვადად, თუმცა, გეგმის ამბიციურობასაც აღიარებდნენ. გარდა ამისა, პოტენციური შეთანხმების პირობები უკრაინაში რეფერენდუმზე უნდა გაიტანონ.

ასევე ნახეთ ზელენსკი: რეფერენდუმი ტერიტორიაზე უარის შესახებ დადებითი შედეგით არ დასრულდება