ცოტა ხნის წინ Reuters-მა, თავის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას მარტში გეგმავს. რამდენიმე წყაროს თქმით, ეს არარეალურია.
Reuters-ის წყაროებმაც და ზელენსკიმაც აღნიშნეს, რომ აშშ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ჩქარობს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მალე, კონგრესის არჩევნების წინ, ძირითადად შიდა პოლიტიკაზე მოუწევს ყურადღების გადატანა.
„ამერიკელები გვთავაზობენ, რომ მხარეებმა ომი ზაფხულის დასაწყისში დაასრულონ და, სავარაუდოდ, ორივე მხარეს ამ გრაფიკის დაცვისკენ მოუწოდებენ“, - თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ უკრაინა დაინტერესებულია სამშვიდობო პროცესში ამერიკელების დარჩენით.
მისი თქმით, მას არ მიუღია რაიმე სიგნალი იმისა, რომ აშშ შეწყვეტს შუამავლობის ძალისხმევას, თუ მშვიდობა ივნისამდე არ იქნება მიღწეული.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი ხანია სთავაზობს პარტნიორებს მკაფიო, ეტაპობრივი გეგმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა ქმედებებს და შეთანხმებების განხორციელების ვადებს.
„ჩვენ ნამდვილად გვსურს ომის დასრულება და უსაფრთხოების გარანტია“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თავად ემხრობა ჯერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერას და მხოლოდ ამის შემდეგ ომის დასრულებას.
ზელენსკიმ თქვა, რომ აბუ-დაბიში ბოლო დროს გამართული სამმხრივ მოლაპარაკებაზე რუსეთის წარმომადგენლების რიტორიკა შეიცვალა. „რუსეთის დელეგაცია აღარ გვთავაზობს ამ ცარიელ „ისტორიულ ალმანახებსა“ და გადახვევებს; ის ახლა სხვა რამეზე საუბრობს, უფრო კონკრეტულზე თქვა მან და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კვლავ ნდობის ნაკლებობაა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მომავალ კვირას იგეგმება და ის მაიამიში გაიმართება. თუმცა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია აშშ-ში მიმდინარე რაიმე მოლაპარაკებების შესახებ.
ფორუმი