ევროკავშირის განცხადებით, ელჩის მიერ მოთხოვნილი შეხვედრის მიზანი იყო ახალ შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით „ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა“.
საგარეო უწყება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ შეხვედრისას მათი მიზანი ბრიუსელისთვის თბილისის პოზიციის გადაცემა იყო სანქციების თაობაზე და ყულევის ნავსადგურის სანქცირების გეგმაზე - რის შესახებაც თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, - და რასაც სამინისტრო „ყოვლად გაუგებარს“ და „დაუსაბუთებელს“ უწოდებს.
რა პრეტენზია ჰქონდა ბრიუსელს
ევროკავშირის საელჩოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- შეხვედრა 11 თებერვალს ითხოვა თავად ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ;
- გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა 12 თებერვალს გაიმართა;
- შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა“.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, 3 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში - რომლითაც ახალი შეზღუდვები წესდება, მათ შორის ფართოვდება გრანტის ცნება და სანქციები წესდება კომპანიებისთვის „საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე“.
ევროკომისიის სპიკერმა რადიო თავისუფლებასთან 4 თებერვალს განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები, - რომლებზეც პარტია ამბობს, რომ „არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“, - ამოქმედების შემთხვევაში „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“.
ასევე ნახეთ „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“ - ბრიუსელი „გრანტების კანონში“ ცვლილებებზე„უარყოფითად იმოქმედებს საელჩოებზე“
საელჩოს ცნობით, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ცვლილებების „ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას“.
ელჩმა ასევე „ხაზგასმით აღნიშნა“, რომ ეს:
- „შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან“;
- „ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო“.
საელჩოს თანახმად, პაველ ჰერჩინკიმ აღნიშნა, რომ „დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე“.
ეს კი, მისი თქმითვე, „ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს“.
ასევე ნახეთ „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“ - ბრიუსელი „გრანტების კანონში“ ცვლილებებზესანქციებს ვიცავთ, გვაქვს მონიტორინგი - ზურაბაშვილი
საგარეო უწყების გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრის მიზანი იყო „საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე“.
ამავე წყაროს თანახმად, ზურაბაშვილმა „ამომწურავი ინფორმაცია“ მიაწოდა მთავრობის ნაბიჯებსა და უწყებების მუშაობაზე, მათ შორის:
- „საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგისა და სანქცირებული ობიექტების გამოვლენის,
- ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული საერთაშორისო აქტივობების გამოაშკარავების,
- საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების შესრულების მიმართულებებით“.
ზურაბაშვილის პოზიციითვე, ამ ყველაფერზე ინფორმაცია „ანგარიშების სახით რეგულარულად მიეწოდებათ“ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის „ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს“.
ასევე ნახეთ „ოცნებაში“ მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებას განიხილავენყულევის პორტის შესაძლო სანქცირებაზე
გიორგი ზურაბაშვილმა ყულევის ნავსადგურის ევროკავშირის სანქციების სიაში შესაძლო დამატების თაობაზე „ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული“ უწოდა.
მისი თქმითვე, - როგორც საგარეო უწყება წერს, - „ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქცირებული გემის მიღების და/ან სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა“.
„მინისტრის პირველმა მოადგილემ დასძინა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან შენიშვნა არ მიუღია“.
- რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:
- „[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.
- „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ რადიო თავისუფლებას და ევროკომისიისთვის დეტალური განმარტების მიცემის მზაობა გამოხატა.
- ყულევის ნავთობტერმინალს წლებია ფლობს აზერბაიჯანული „სოკარი“; ამასთან, 2025 წლიდან ყულევში ფუნქციონირებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - გამოცემა „პროექტის“ თანახმად, მან გამოავლინა კავშირები ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას შორის.
ზიანს ნუ მიაყენებთ შუა დერეფანს - მინისტრის მოადგილე
საგარეო უწყების პრესცენტრის ცნობითვე, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ „იმედი გამოთქვა“, რომ:
- „ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები მხედველობაში მიიღებენ ობიექტურ ფაქტებს“ და იმას, რომ საქართველოს სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით „მასშტაბურ ქმედებებს“ სწევს.
- ზურაბაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესებით, [ევროკავშირი და მისი წევრები - რ.თ] ზიანს არ მიაყენებენ კასპია-შავი ზღვა-ევროპის სტრატეგიულ დერეფანსა და ევროკავშირის „შუა დერეფნის“ ინიციატივას, რომლის განუყოფელი ნაწილი ყულევის ნავსადგურიცაა“.