სხდომაზე მასალების დახევის საქმეზე ბაია მარგიშვილს გირაო შეუფარდეს - მის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება

ბაია მარგიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე დემონსტრაციაზე

სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილს, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა სასამართლო სხდომაზე საქმის მასალების დახევის გამო. ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება მას რამდენიმე დღის წინ შეუფარდეს, პროკურატურა კი გამოძიებას აგრძელებს.

მარგიშვილი თავად ამ სხდომას არ ესწრებოდა - სასამართლომ კი გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა. განჩინების ჩასაბარებლად მას მისვლა სთხოვეს.

„სამართლებრივი აბსურდია. ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ მსჯიან... რომ დამირეკეს, ვუთხარი 200 ლარი არ გადავიხადე და ახლა ამ 5000 ლარს გადავიხდი მეთქი?!“ - უთხრა ბაია მარგიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

გასული წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ განიხილა ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი საქმე - პოლიცია მას პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

იმ დღეს, სანამ ცეკვავა 14-დღიან პატიმრობაში გაუშვებდა, ახალგაზრდა ქალი მოსამართლემ 200 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გააძევა - მან არ შეასრულა მოთხოვნა, დამჯდარიყო მხარეებისთვის გამოყოფილ სკამზე.

„თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია...“ - თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა.

ბაია მარგიშვილი იმავე დღეს, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დააკავეს სასამართლოს ჭიშკართან.

ასევე ნახეთ აქტივისტ ბაია მარგიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსალოდნელი სასჯელი

აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ნიშნავს, რომ საქმის განხილვა გრძელდება. სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ბრალის წაყენება

როგორც რამდენიმე დღის წინ ბაია მარგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენების შესახებ მან მოულოდნელად გაიგო. მისი მონაყოლის მიხედვით, 10 თებერვალს დაუკავშირდნენ პოლიციის იმ განყოფილებიდან, სადაც საჩივარი აქვს შეტანილი და აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო დაწყებული.

„თავად დამინიშნეს ადვოკატი. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი. მან მითხრა, რომ ბრალის წარსადგენად მიდიოდა... ქალბატონო, მე თქვენ არ გიცნობთ-მეთქი...“ - თქვა მან.

ბაია მარგიშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის მასალების დახევის გამო ადმინისტრაციული სახდელი, 200 ლარი, არ გადაიხადა, რის გამოც საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.

მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეები

საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბოლო ერთ თვეში უკვე მესამე საქმეა აღძრული მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით: