Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისაკო დევიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - ამბობს მისი და


2025 წლის 20 სექტემბერი, პოლიციამ ამ დღეს ადმინისტრაციულად დააკავა ისაკო დევიძე.
2025 წლის 20 სექტემბერი, პოლიციამ ამ დღეს ადმინისტრაციულად დააკავა ისაკო დევიძე.

სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც დემონსტრაციებზე პოლიციის სამიზნე ხშირად გამხდარა, ბრალი წაუყენეს სასამართლოს უპატივცემულობისთვის. მისი და, მარი დევიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ძმის „გლდანის ციხეში“ გადაყვანის შესახებ მოულოდნელად გაიგო.

ისაკო დევიძეს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, რომელიც 20 დეკემბერს პარლამენტთან პოლიციელის შეურაცხყოფის მოტივით მას ქართულმა სასამართლომ შეუფარდა, ორ დღეში, 19 იანვარს ეწურებოდა. მისი და ამბობს, რომ არც ოჯახი და არც ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები, რომ მისი ძმის წინააღმდეგ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა.

მარი დევიძემ მხოლოდ ის იცის, რომ მისი ძმის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. ამ მუხლით სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე პატიმრობით.

ამავე მუხლით 2025 წლის 26 ნოემბერს გაასამართლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ კოლეგისთვის წყლის შესხმის გამო 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ისაკო დევიძე პოლიციას არაერთხელ ჰყავს დაკავებული ადმინისტრაციული წესით. ბოლოს ის პოლიციის ავტომობილში გასული წლის 20 დეკემბერს ჩასვეს და ედავებოდნენ პოლიციელის შეურაცხყოფას. 22 დეკემბერს მას ამ საქმეზე 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ამ დღეს დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი ადამიანები მოითხოვდნენ, ჩატარებულიყო საერთაშორისო გამოძიება BBC-ს ფილმში გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად - გამოიყენა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალული ნივთიერება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის დაშლის დროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG