ჟენევაში 17-18 თებერვალს მიმდინარეობდა სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც უკრაინის დელეგაციისგან ინფორმაციას მუდმივად იღებდა, დღეს, 18 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო მიმართულებით მოლაპარაკებებში სამივე მხარე კონსტრუქციული იყო, პოლიტიკურ საკითხებზე კი პოზიციები ჯერ ისევ განსხვავებულია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, სამხედრო საკითხების მიმართულებით, პრინციპში, ყველაფერი შეთანხმებულია, რადგან სამხედროებმა იციან, როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის და ომის შეწყვეტის მონიტორინგი, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი ამერიკული მხარის მონაწილეობით იქნება, რაც კონსტრუქციული სიგნალია.
ზელენსკის ინფორმაციით, მონიტორინგის ტექნიკურ დეტალებს ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ მოახსენებს უკრაინის დელეგაციის წევრი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი.
ასევე ნახეთ ჟენევაში დასრულდა უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდიჟენევაში შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ მოკლე კომენტარი მისცა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების წარმომადგენლებს და მოლაპარაკებებს „რთული, მაგრამ საქმიანი“ უწოდა.
მედინსკის ინფორმაციით, გუშინ, 17 თებერვალს მოლაპარაკება დიდხანს მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმატით, დღეს, 18 თებერვალს კი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. პუტინის თანაშემწის თანახმად, მომდევნო შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ინტენსიური და საგნობრივი“ მუშაობა იყო, წინსვლა არის, თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ილაპარაკებენ.
უმეროვის თანახმად, შემდეგი ეტაპი იქნება შეთანხმების საჭირო დონის მიღწევა, რათა გადაწყვეტილებები განსახილველად პრეზიდენტებს წარუდგინონ.
ასევე ნახეთ უკრაინელები არ გვაპატიებენ, თუ შეთანხმებაში იქნება რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა - ზელენსკი Axios-ს- უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთის უმთავრესი პირობაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და უკრაინის ჯარების გასვლა რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც დღემდე კიევი აკონტროლებს.
- უკრაინა ამ მოთხოვნას არ ეთანხმება. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, თუმცა გაურკვეველია, ვისი სუვერენიტეტი უნდა გავრცელდეს ამ ზონაზე.