მოლაპარაკებები 18 თებერვალს დასრულდა გარღვევის გარეშე. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარეები „ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან“, მიუხედავად იმისა, რომ ვითარებას „შეზღუდული წინსვლა“ უწოდეს. პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, „უახლოეს რამდენიმე კვირაში“ დაბრუნდება დამატებითი დეტალებით.
ჟენევის შეხვედრამდე თეირანმა ჩაატარა სამხედრო წვრთნები საბრძოლო იარაღით, რაკეტები გაუშვეს ჰორმუზის სრუტის მიმართულებით, რომელიც მსოფლიოში ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანია. 19 თებერვალს ეს მანევრები გაგრძელდა რუსეთთან ერთობლივი საზღვაო წვრთნებით.
პენტაგონმა რეგიონში მნიშვნელოვან დამრტყმელ ძალებს მოუყარა თავი. ახლომდებარე წყლებში მოქმედებს ავიამზიდი Abraham Lincoln, რომელიც აღჭურვილია F/A-18 და F-35 გამანადგურებლებით. სპარსეთის ყურეში განლაგებულია მართვადი რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებლები, მათ შორის Mitscher და Michael Murphy.
თეირანი ჯერჯერობით მტკიცე წინააღმდეგობას უწევს ზეწოლას, რომელსაც მისი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრების გამო ახორციელებს მასზე აშშ. ირანი ამტკიცებს, რომ პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვისაა განკუთვნილი და უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერ მცდელობას. მიიჩნევა, რომ ირანს არა აქვს აქტიური ბირთვული იარაღის პროგრამა, თუმცა მას ატომური იარაღის კვლევის ისტორია მოეპოვება.
ასევე ნახეთ რუსეთი ირანთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოწოდებით გამოდის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების ზრდის ფონზეექსპერტები: თანაბარი შანსები
18 თებერვალს, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამოსვლისას, აშშ-ის ოთხმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ახლო აღმოსავლეთის საქმეებში, შეულამაზებლად შეაფასა ვითარება.
მაიკლ რეტნიმ, აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში და ელჩმა საუდის არაბეთში (2023-2025), განაცხადა, რომ პერსპექტივა თანაბრად არის გაწონასწორებული.
„ვფიქრობ, რომ ეს 50-50-ზეა“, თქვა მან, როდესაც ჰკითხეს, რეგიონი ომისკენ მიემართება თუ მშვიდობისკენ.
რეტნიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება შესაძლოა არ ჰგავდეს ყოვლისმომცველ ბირთვულ შეთანხმებას. ამის ნაცვლად, ეს შეიძლება იყოს ჩარჩო, განცხადება ან ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც ტრამპს საშუალებას მისცემს, თქვას, რომ მან სტაბილურობა უზრუნველყო, მაშინაც კი, თუ ძირითადი საკითხები გადაუჭრელი დარჩება.
ჯოზეფ ფარსახმა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სანქციების პოლიტიკაზე მუშაობდა, ასევე განაცხადა, რომ მაშინაც კი, თუ მოლაპარაკებები საბოლოოდ შედეგს გამოიღებს, ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა ამჟამინდელ უნდობლობის ატმოსფეროში.
მისი თქმით, უფრო სავარაუდო შედეგი იქნება ნაწილობრივი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს სანქციების შეზღუდულ შემსუბუქებას, უფრო საკამათო საკითხების გადაჭრას კი სამომავლოდ გადადებს.
ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანთან მნიშვნელოვან გარიგებას უნდა მიაღწიოს და კარგ მოლაპარაკებაზე საუბრობსასეთმა შეთანხმებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ირანის ნავთობის ექსპორტი, პოტენციურად გაზარდოს იგი დღეში დაახლოებით 2,5 მილიონ ბარელამდე და ყოველწლიურად გლობალურ ბაზრებზე შეიტანოს 50-დან 90 მილიარდ დოლარამდე ღირებულების ნავთობი.
„ცისფერი ცის“ სცენარის მიხედვით, უფრო მეტმა სტაბილურობამ შეიძლება გახსნას, მისი თქმით, მშვიდობის დივიდენდი, რაც წაახალისებს გარე ინვესტიციებს და უფრო ფართო რეგიონულ ინტეგრაციას.
თუმცა, ფარსახის სიტყვებით, საჭიროა სიფრთხილე, ვინაიდან ირანული ნედლი ნავთობის სწრაფმა შემოდინებამ შეიძლება შეამციროს გლობალური ნავთობის ფასები და პრობლემები შეუქმნას სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომლებიც უფრო მაღალ ფასებზე არიან დამოკიდებული ამბიციური ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროგრამების დასაფინანსებლად. და შეთანხმების შემთხვევაშიც კი ის არ არის დარწმუნებული, რომ მომავალში აშშ-ის ან შესაძლოა ისრაელის დარტყმების რისკი სრულად გაქრება.
ვალი ნასრი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მრჩეველი, ასევე მიიჩნევს, რომ ვითარება თანაბრად არის გახლეჩილი.
მისი თქმით, უზარმაზარი რისკების გათვალისწინებით, არც ვაშინგტონს და არც თეირანს ნამდვილად არ სურთ ქაოსური ომი. ამ ორმხრივმა თავშეკავებულობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს იმას, რომ საბოლოოდ ორივე მხარემ დაიხიოს უკან და თავი აარიდოს კრიზისულ ვითარებას.
ამავე დროს ნასრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ტრამპის პირად პოლიტიკურ გათვლებს. ამ შემთხვევაში პროგნოზებში შესაძლოა ნაკლებად დაგვეხმაროს საგარეო პოლიტიკის ტრადიციული ანალიზი, რომელიც ინსტიტუტებსა და გრძელვადიან ინტერესებზეა ფოკუსირებული.
ნასრმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ერთდროულად ვითარდება მრავალი კრიზისი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაგან მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება სწრაფად შეცვალოს ირანთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
შეცდომის დაშვების დიდი ალბათობა
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, სუზან ზიადე, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სამხედრო ძალების გაძლიერება თავად წარმოშობს იმპულსს. მისი ვარაუდით, ასეთი დიდი საზღვაო და საჰაერო ყოფნის პირობებში, შესაძლოა, უბრალოდ ადვილი არ იყოს უკან დახევა.
ირანის წყლებთან ახლოს განლაგებული სამხედრო გემების, სამხედრო წვრთნების დროს გაშვებული რაკეტებისა და ორივე მხარის ლიდერების მიერ მკაცრი გაფრთხილებების გათვალისწინებით, დიდია შეცდომის დაშვების ალბათობაც.
ჟენევის მოლაპარაკებები მოჰყვა 6 თებერვალს ომანში ჩატარებულ წინა რაუნდს, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც რეგიონული აქტორები დეესკალაციისკენ მოწოდებით გამოვიდნენ ფართო დესტაბილიზაციის შიშის ფონზე.
ზიადემ ასევე მიუთითა ისრაელზე როგორც მთავარ ცვლადზე და აღნიშნა, რომ ისრაელის ლიდერები შესაძლოა სხვა სტრატეგიული გათვლებით მოქმედებდნენ.
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შემდეგი ვიზიტი ისრაელში შედგება. ის 28 თებერვალს შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.