დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან მნიშვნელოვან გარიგებას უნდა მიაღწიოს და თქვა, რომ მასთან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წლების განმავლობაში დადასტურდა, რომ ირანთან მნიშვნელოვანი გარიგების დადება
ადვილი არ არის. ჩვენ მნიშვნელოვანი გარიგების დადება უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი რამ მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში და როგორც ჩანს, 10-დღიანი ვადა დააწესა.
ტრამპმა თეირანს მოუწოდა, შეუერთდეს აშშ-ს „მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“. „არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ეს ძალიან მარტივია“, - თქვა მან. „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ვერ იქნება, თუ მათ ბირთვული იარაღი აქვთ“.
17 თებერვალს ჟენევაში აშშ-ის ელჩების, სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის არაპირდაპირი მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის მზარდი კრიზისის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.
აშშ-ს უნდა, ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. თეირანი კატეგორიულად არ ეთანხმება და უარყოფს, რომ ატომური იარაღის შექმნას ცდილობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ სხვადასხვა მოკავშირემ ღაზაში დახმარებისთვის "მშვიდობის საბჭოს" ბიუჯეტში შეიტანა, საერთო ჯამში, შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი.
„მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ, როგორც ჩანს, პალესტინური დაჯგუფება ჰამასი განიარაღდება.
არაბულ ქვეყნებს შორის პირველმა მაროკომ განაცხადა, რომ მზად იყო პოლიციელებისა და ოფიცრების გაგზავნაზე ახალშექმნილ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში.
ამ დანაყოფის ამერიკელმა მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ჯასპერ ჯეფერსმა თქვა, რომ ალბანეთი, ინდონეზია, ყაზახეთი და კოსოვოც აგზავნიან ჯარებს და გამოაცხადა, რომ ინდონეზიელი ოფიცერი მის მოადგილედ იმუშავებს.
ინდონეზიამ, მსოფლიოში ყველაზე დიდმა მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყანამ, ადრე განაცხადა, რომ მზად იყო 8000 ჯარისკაცი გაეგზავნა - მოთხოვნილი 20000 ჯარისკაცის თითქმის ნახევარი.
ნიკოლაი მლადენოვმა, ბულგარელმა დიპლომატმა, რომელიც აშშ-მა ღაზის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლად დანიშნა, ასევე გამოაცხადა ღაზაში ჰამასის შემდგომი საპოლიციო ძალების დაკომპლექტების დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ პირველივე საათებში 2000 ადამიანმა მიმართა.
ზავის მიუხედავად, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის ძალებმა ზავის ძალაში შესვლიდან, სულ მცირე, 601 ადამიანი მოკლეს.
შეხვედრაზე ისრაელის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ჰამასის განიარაღება და ღაზაში „ფუნდამენტური დერადიკალიზაციის პროცესის“ დაწყება მოითხოვა.
„მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მალე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, შეხვდება. ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ გაეროს ფულს მისცემს, მისი გაძლიერებისა და სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის მიზნით.
აშშ გაეროს ბიუჯეტის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის დროს უარი თქვა რეგულარულ და სამშვიდობო ბიუჯეტებში სავალდებულო გადახდების განხორციელებაზე და შეამცირა გაეროს სააგენტოების ნებაყოფლობითი დაფინანსება საკუთარი ბიუჯეტიდან.
„ჩვენ გავაძლიერებთ გაეროს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მისი ობიექტები კარგ მდგომარეობაში იყოს. მათ დახმარება სჭირდებათ... ჩვენ დავეხმარებით მათ ფინანსური თვალსაზრისით და უზრუნველვყოფთ გაეროს სიცოცხლისუნარიანობას“, - თქვა ტრამპმა.
„ვფიქრობ, გაეროს დიდი პოტენციალი აქვს, მართლაც დიდი პოტენციალი. მან ეს პოტენციალი ვერ გამოიყენა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია ათეულობით ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, რუსეთი და ბელარუსიც. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.
საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.
ფორუმი