უკრაინის პარალიმპიურმა ნაკრებმა ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიას

ფოტო არქივიდან. საპროტესტო აქცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში რუსეთისა და ბელარუსისთვის 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის აკრძალვის მოთხოვნით.

უკრაინის პარალიმპიური ნაკრების წევრები მონაწილეობას არ მიიღებენ ზამთრის XIV პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში, რომელიც 6 მარტს გაიმართება იტალიის ქალაქ ვერონაში.

უკრაინის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და პარალიმპიური გუნდი ბოიკოტს უცხადებენ ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიას და მოითხოვენ, რომ ცერემონიაზე არ იყოს გამოყენებული უკრაინის ეროვნული დროშა.

  • ბოიკოტის მიზეზია საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 6 რუს და 4 ბელარუს სპორტსმენს რუსეთის და ბელარუსის ეროვნული დროშებით გამოსვლის უფლება მისცეს.
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენებს ოლიმპიურ შეჯიბრებებში ეროვნული სიმბოლიკით მონაწილეობა აკრძალული აქვთ და მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობა შეუძლიათ.

უკრაინის ეროვნულმა პარალიმპიურმა კომიტეტმა 19 თებერვალს, გვიან ღამით თავის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ აღშფოთებული არიან საერთაშორისო კომიტეტის „ცინიკური გადაწყვეტილებით”, რომელიც „მკვლელ ქვეყანას“ აძლევს თავისი დროშის აღმართვის შესაძლებლობას.

უკრაინის ეროვნული კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთს და ბელარუსს არ გაუვლით საკვალიფიკაციო პროცესი პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზიის მისაღებად.

ასევე ნახეთ უკრაინამ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას

უკრაინის სპორტის მინისტრმა მატვეი ბიდნიმ 18 თებერვალს განაცხადა, რომ ზამთრის პარალიმპიური თამაშების ორგანიზატორების „აღმაშფოთებელი გადაწყვეტილების“ გამო უკრაინის ოფიციალური პირები არ დაესწრებიან გახსნის ცერემონიას და მონაწილეობას არ მიიღებენ სხვა ოფიციალურ ღონისძიებებშიც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ელჩებს დაავალა, მიმღები ქვეყნების ოფიციალურ პირებს დაუკავშირდნენ და მოუწოდონ, რომ თუ „სამარცხვინო გადაწყვეტილება” არ გაუქმდება, გახსნის ცერემონიას არ დაესწრონ.

უკრაინის პოლიტიკურ ბოიკოტს შეუერთდა ესტონეთი. პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება ევროკომისარი კულტურის და სპორტის საკითხებში გლენ მიკალეფი.

ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის საგარეო საქმეთა და სპორტის მინისტრებმა, ანტონიო ტაიანიმ და ანდრეა აბოდიმ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ იტალიის მთავრობა კატეგორიულად არ ეთანხმება რუსეთისა და ბელარუსის შესახებ საერთაშორისო პარალიმიური კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ასევე ნახეთ ოლიმპიადას ჩამოაშორეს უკრაინელი სპორტსმენი, რომელმაც უარი არ თქვა „ხსოვნის ჩაფხუტით" ასპარეზობაზე
  • რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენები ისევ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ 2026 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში მიმდინარეობს(6-22 თებერვალი).
  • 2026 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებსაც იტალიის ეს ქალაქები უმასპინძლებენ(6-15 მარტი).