Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას

ფოტო არქივიდან. საპროტესტო აქცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში რუსეთისა და ბელარუსისთვის 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის აკრძალვის მოთხოვნით. 2023 წლის მარტი
ფოტო არქივიდან. საპროტესტო აქცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში რუსეთისა და ბელარუსისთვის 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის აკრძალვის მოთხოვნით. 2023 წლის მარტი

უკრაინის ოფიციალური პირები არ დაესწრებიან ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც 6 მარტს გაიმართება იტალიის ქალაქ ვერონაში.

  • უკრაინის პოლიტიკური ბოიკოტის მიზეზია საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება.
  • უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად კომიტეტმა რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს მისცა ეროვნული დროშებით გამოსვლის უფლება.

უკრაინის სპორტის მინისტრმა მატვეი ბიდნიმ 18 თებერვალს განაცხადა, რომ ორგანიზატორების „აღმაშფოთებელი გადაწყვეტილების“ გამო უკრაინის ოფიციალური პირები არ დაესწრებიან გახსნის ცერემონიას და მონაწილეობას არ მიიღებენ სხვა ოფიციალურ ღონისძიებებშიც.

ბიდნიმ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ მადლიერი იქნებიან თავისუფალი სამყაროს ქვეყნების ყველა ოფიციალური პირის, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ელჩებს დაავალა, მიმღები ქვეყნების ოფიციალურ პირებს დაუკავშირდნენ და მოუწოდონ, რომ თუ „სამარცხვინო გადაწყვეტილება” არ გაუქმდება, გახსნის ცერემონიას არ დაესწრონ.

სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პარალიმპიურ თამაშებზე აგრესორი სახელმწიფოების დროშების აღმართვა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს განაგრძობს, „მორალურად და პოლიტიკურად არასწორია“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, თანამედროვე რუსეთში პარალიმპიურ სპორტსაც კი უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეთა განდიდებისთვის იყენებენ.

  • 17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ეროვნული დროშებით გამოსვლის უფლება მისცა ექვს რუს და ოთხ ბელარუს სპორტსმენს.
  • რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენები ისევ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ 2026 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში მიმდინარეობს(6-22 თებერვალი).
  • 2026 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებსაც იტალიის ეს ქალაქები უმასპინძლებენ(6-15 მარტი).




ფორუმი

XS
SM
MD
LG