ბელარუსში კოლონიიდან გაათავისუფლეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიკალაი სტატკევიჩი

მიკალაი სტატკევიჩი(ფოტო არქივიდან)

ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აქტიური მოწინააღმდეგე მიკალაი სტატკევიჩი კოლონიიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაცია სოციალური ქსელებით 19 თებერვალს ღამით გაავრცელა სტატკევიჩის ცოლმა მარინა ადამოვიჩმა. მისი ინფორმაციით, მიკალაი სტატკევიჩს ინსულტი ჰქონდა, საუბრის პრობლემა აქვს და რეაბილიტაციას გადის.

სტატკევიჩი იყო იმ ათეულობით პოლიტპატიმარს შორის, რომლებიც ლუკაშენკას ხელისუფლებამ 2025 წლის 11 სექტემბერს გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ ისინი ლიეტუვის საზღვართან მიიყვანეს, თუმცა სტატკევიჩმა ბელარუსის დატოვებაზე უარი თქვა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კოლონიაში დააბრუნეს.

ასევე ნახეთ ადამიანებითა და კალიუმით ვაჭრობა? - როგორ იყენებს ლუკაშენკა პოლიტპატიმრებს
  • მიკალაი სტატკევიჩი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააკავეს.
  • 2021 წელს სტატკევიჩი მასობრივი არეულობებისა და დესტაბილიზაციის ბრალდებებით გაასამართლეს და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
  • უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ვიასნა“ მიკალაი სტატკევიჩი პოლიტპატიმრად გამოაცხადა.

2025 წლის შემოდგომიდან ლუკაშენკამ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შედეგად გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა დროს დაკავებული რამდენიმე ასეული პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, აქტივისტი და ჟურნალისტი.

სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციები შეამსუბუქა, მათ შორის შეზღუდვები მოუხსნა ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას" და კალიუმის მომპოვებელ კომპანიას.

ასევე ნახეთ ბელარუსი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომის მიღმა დარჩა, მინისტრს ვიზა არ მისცეს