სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ 23 თებერვალს ღამით გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის ელექტროენერგიის ე.წ. ავარიული მიწოდება შეწყდება. სლოვაკეთს და უნგრეთს უკრაინასთან კონფლიქტი აქვთ მილსადენ „დრუჟბით“ რუსული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.
„დრუჟბა“ რუსეთის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემაა. რუსეთიდან მილსადენის ერთი, ჩრდილოეთის მონაკვეთი გადის ბელარუსის, პოლონეთის, გერმანიის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე, ხოლო სამხრეთის - უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და ხორვატიის.
„დრუჟბის“ იმ ნაწილმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, მუშაობა 27 იანვრიდან შეაჩერა. კიევში განაცხადეს, რომ მილსადენი დაზიანდა რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად.
სლოვაკეთის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი, რომლებსაც კიევის მიერ დასახელებული მიზეზის არ სჯერათ და პოლიტიკური მოტივებით მოქმედებასა და ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, უკრაინას გასულ კვირაში დაემუქრნენ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით.
ასევე ნახეთ ომი, ნავთობი და „მეგობრობა“ - უკრაინისგან "დრუჟბის" შეკეთებას ითხოვენსლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ 23 თებერვალს განაცხადა, რომ მხოლოდ 2026 წლის იანვარში ენერგოსისტემის სტაბილიზაციისთვის უკრაინას მიაწოდეს ორჯერ მეტი ელექტროენერგია, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში, ახლა კი ეს მიწოდება შეწყდება, სანამ არ განახლდება „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტი.
ფიცოს მტკიცებით, მან გადაწყვეტილების მიღებამდე სცადა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი, თუმცა უკრაინული მხარე ამ საუბრისთვის მზად იყო მხოლოდ 25 თებერვლის შემდეგ.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ განაცხადა, რომ სლოვაკეთიდან ელექტროენერგიის ე.წ. ავარიული მიწოდების შეწყვეტა ერთიან ენერგოსისტემაში არსებულ სიტუაციაზე გავლენას არ მოახდენს. კომპანიის თანახმად, ბოლოს უკრაინამ სლოვაკეთისგან „ძალიან შეზღუდული მოცულობით" დახმარება ითხოვა თვეზე მეტი ხნის წინ.
მილსადენ „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა და სლოვაკეთმა 23 თებერვალს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დაბლოკეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი.
ევროკომისიის მიერ მომზადებული სანქციების ახალი პაკეტის მიღება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლისთავის, 24 თებერვლისთვის იგეგმებოდა.
სანქციების ამოქმედებას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
ასევე ნახეთ ოთხი წელი გავიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან23 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის დეკემბერში ამ საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 23 თებერვალს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი თავის პოზიციას გადახედავს მას შემდეგ, რაც უკრაინა განაახლებს „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტს.
უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს პოლიტიკურ შანტაჟში იმ მიზნით, რომ ბუდაპეშტმა აღარ გაუწიოს წინააღმდეგობა ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას და იმასაც აცხადებს, რომ კიევი და ბრიუსელი უნგრეთის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებენ, რათა საფრთხის ქვეშ დააყენონ უნგრეთის ენერგოუსაფრთხოება.
ასევე ნახეთ ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინასთან ომში რუსეთიდან დაღუპული 200 000-ზე მეტი პირის ვინაობა2026 წლის აპრილში უნგრეთში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი პარტიის, „ფიდესისთვის" გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ, რომელიც 23 თებერვალს ონლაინ მონაწილეობდა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში, განაცხადა, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებს არ დაუგმიათ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ 27 იანვარს განხორციელებული შეტევა და ნაცვლად ამისა შანტაჟს და ულტიმატუმებს მიმართავენ.
სიბიჰამ გაიმეორა, რომ „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტს პრობლემა შეუქმნა რუსეთის დარტყმამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთის და სლოვაკეთის ულტიმატუმების ადრესატი მხოლოდ კრემლი უნდა იყოს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, 23 თებერვალს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენი „დრუჟბა“ რუსეთის ჯარების დარტყმამ დააზიანა. ევროკომისიის თანახმად, მილსადენის შეკეთება და მისი ვადები უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული.
- უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტები შეინარჩუნეს უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეების ინტერესთა მოტივით, უარი არ თქვეს რუსული ენერგომატარებლების შეძენაზე.
- ამ პოლიტიკის გამო უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებს ხშირად ახასიათებენ, როგორც პრორუსულს.
- უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც ხშირად გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ადრეც არაერთხელ შეუფერხებია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ამოქმედება.