კუბის ხელისუფლებამ 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ წლებში, კაიო-ფალკონესის რაიონში მესაზღვრეებმა ოთხი ადამიანი მოკლეს და ექვსი დაჭრეს აშშ-ის დროშით მცურავ კატერზე, რომელიც მათ მიუახლოვდა და როცა შემოწმების მიზნით გაჩერება მოსთხოვეს, სროლა დაიწყეს და კუბელი კაპიტანი დაჭრეს.
ინციდენტი ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ურთიერთობების მორიგი გამწვავების ფონზე მოხდა.
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ფლორიდაში დარეგისტრირებულ კატერზე იმყოფებოდნენ კუბის მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ და მათი უმეტესობა წარსულში ნასამართლევია „დანაშაულებრივი და ძალადობრივი საქმიანობისთვის“.
ჰავანის მტკიცებით, დაჭრილებმა, რომლებსაც დაკავების შემდეგ სამედიცინო დახმარება გაუწიეს, დაკითხვისას აღიარეს, რომ კუნძულზე შეღწევას „ტერორისტული მიზნებით“ გეგმავდნენ. კუბის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ჯგუფს უნდა დახმარებოდა.
ასევე ნახეთ ტრამპი დამატებითი ტარიფებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს მისცემენაშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კუბის მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობებს ვერ დაეყრდნობიან, ამიტომ ფაქტებს თავად ამოწმებენ, რათა დაადგინონ, რა მოხდა, ვინ იყო ჩართული და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მიიღებენ.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ კატერი არ მონაწილეობდა აშშ-ის მთავრობის ოპერაციაში და მასზე არ იმყოფებოდნენ აშშ-ის ოფიციალური პირები.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკელი გამომძიებლები ოპერატიულად იმოქმედებენ. გამოძიების დაწყების განკარგულება ფლორიდის შტატის გენერალურმა პროკურორმა გასცა.
ასევე ნახეთ ფსკერისკენ მიმავალი კუნძული: რით დასრულდება ტრამპისა და კუბის დაპირისპირება- მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და კუბის ხელისუფლების მოკავშირე, ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო დააპატიმრა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბის მთავრობაც სავარაუდოდ, დაეცემა, რადგან მხოლოდ ვენესუელის რეჟიმის წყალობით არსებობდა.
- 2026 წლის 29 იანვარს ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, აშშ დამატებით ტარიფებს დაუწესებს იმპორტირებულ პროდუქციას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიან.
- მადუროს დაპატიმრებამდე კუბას საწვავით ძირითადად, ვენესუელა ამარაგებდა.
- პრეზიდენტ ტრამპის მიერ იანვარში გამოცემულმა ბრძანებამ უკიდურესად გაამწვავა კუბაზე ისედაც არსებული ენერგოკრიზისი.
- 25 თებერვალს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მცირე მოცულობის ოპერაციებზე შეზღუდვებს შეარბილებს კუბის კერძო სექტორისთვის, რათა ჰუმანიტარული მიზნებით მხარი დაუჭიროს ადგილობრივ მოსახლეობას.
- კუბის მოსახლეობა წლებია მწვავე ენერგოკრიზისისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების პირობებში ცხოვრობს, რაც არაერთხელ იქცა საპროტესტო გამოსვლების მიზეზად. ხელისუფლებამ აქციებს რეპრესიებით უპასუხა.
კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გამწვავდა მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან, მას შემდეგ, რაც რევოლუციონერებმა, ფიდელ კასტროს მეთაურობით, დაამხვეს ვაშინგტონისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი ბატისტა. კასტრომ მჭიდრო კავშირები დაამყარა საბჭოთა კავშირთან. შეერთებულმა შტატებმა კუბას თითქმის სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა.