მელანია ტრამპი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი

გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, რომლის თავმჯდომარე თვეში ერთხელ იცვლება, აშშ-ის თავმჯდომარეობის პერიოდის პირველ სხდომას ამ ქვეყნის პირველი ლედი მელანია ტრამპი უხელმძღვანელებს.

აშშ საბჭოს თავმჯდომარეობას 2026 წლის მარტიდან ბრიტანეთისგან ჩაიბარებს.

ამერიკული ტელეკომპანიები CNN-ი და Fox News-ი პირველი ლედის ოფისზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ორშაბათს, 2 მარტს დანიშნულ სხდომას, რომელზეც განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე უნდა იმსჯელონ, თავმჯდომარეობას მელანია ტრამპი გაუწევს.

ეს იქნება რომელიმე ქვეყნის პირველი ლედის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის წაყვანის პირველი შემთხვევა.

სხდომის თემაა: „ბავშვები, ტექნოლოგიები და განათლება კონფლიქტის პირობებში“.

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მაიკლ უოლცმა Fox News-ს განუცხადა, რომ სრულიად ლოგიკურია, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ამერიკის თავმჯდომარეობის პერიოდის პირველ სხდომას გაუძღვება ბავშვთა ინტერესების დაუღალავად დამცველი პირველი ლედი.

  • ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა წამოიწყო კამპანია Be Best, რომლის მიზანია ბავშვების სოციალური, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ძირითადი პრობლემების, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებისა და კიბერბულინგის დაძლევის გზით.
ასევე ნახეთ რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი აცხადებს, რომ ექვსი ბავშვი რუსეთსა და უკრაინაში ოჯახებს დაუბრუნდება - ის მადლობას უხდის მელანია ტრამპს
ასევე ნახეთ უკრაინის ომბუდსმენის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან წაიყვანა 20 ათასი ბავშვი