აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მიერ სოციალური ქსელებით 3 მარტს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ირანში გაანადგურეს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამეთაურო პუნქტები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რაკეტებისა და დრონების გამოშვების ადგილები და სამხედრო აეროდრომები. კონკრეტულად რომელ რაიონებში და რამდენი ობიექტი, სარდლობა არ ასახელებს.
ირანული სააგენტო ISNA წერს, რომ „გუშაგთა კორპუსის” სულ მცირე 5 წევრი დაიღუპა ბუშერის პროვინციაზე დარტყმების შედეგად.
3 მარტს, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა „გუშაგთა კორპუსის“ განცხადება, რომ რაკეტებით და დრონებით ბაჰრეინში დაარტყეს ამერიკულ სამხედრო ბაზას, სადაც დანგრეულია სამეთაურო-საშტაბო შენობა და ხანძარი გაუჩნდა საწვავის ცისტერნებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ასევე ნახეთ საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოზე დრონებით შეტევა იყოისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მორიგი შეტევა მიიტანა ირანის დედაქალაქ თეირანსა და დაჯგუფება ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. არაბული მედიასაშუალებების ცნობით, ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ჰეზბოლას ტელეარხის, „ალ-მანარის“ შენობა.
ისრაელის არმიის თანახმად, სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბეირუთში დაარტყეს ჰეზბოლას იარაღის საწყობებს, სამეთაურო ცენტრებს და დაჯგუფების სადაზვერვო ქვედანაყოფის თანამგზავრული კავშირის დანადგარებს.
ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰეზბოლამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დრონებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანა ისრაელზე, მათ შორის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე. ისრაელის არმიის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ მოიგერია ორი დრონი და ხუთი რაკეტა.
ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე დარტყმები ამჯერად, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის ლიკვიდაციას ჰეზბოლამ ისრაელზე შეტევით უპასუხა.
ასევე ნახეთ ირანზე ყველაზე ძლიერი დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის - სახელმწიფო მდივანი რუბიო- 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
- ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს, 28 თებერვალს მოკლეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.
- ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
- აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.