რუბიომ ირანის შესახებ 2 მარტს ილაპარაკა აშშ-ის კონგრესში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა კონგრესის ხელმძღვანელებთან.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რადგან თეირანისგან უშუალო საფრთხე არსებობდა.
რუბიომ უარყო, რომ კონგრესს წინასწარ არ აცნობეს ირანის საწინააღმდეგო ოპერაციის შესახებ. სახელმწიფო მდივნის თანახმად, კონგრესის ლიდერები ინფორმირებული იყვნენ და შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ დაურღვევია.
რუბიოს თქმით, ოპერაცია არ არის მიმართული ირანელი ხალხის წინააღმდეგ და მიზანია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და აღარ ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, ირანის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის და ოპერაციის დასრულების შემდეგ მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გახდება.
შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა სახმელეთო ოპერაციაც, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, ნებისმიერი ოპერაციის დაწყება შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ მიზნის მიღწევა სახმელეთო ძალების გარეშეც შეიძლება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 მარტს გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში არ გამორიცხა საჭიროების შემთხვევაში ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნა.
შეერთებულ შტატებთან ერთად ისრაელიც ირწმუნება, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყება სწორედ ახლა იყო საჭირო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 მარტს, ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანელმა სამხედროებმა და სპეციალისტებმა დაიწყეს ახალი ობიექტების მშენებლობა, მათ შორის მიწისქვეშა ბუნკერების, სადაც ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის შემუშავება შეეძლოთ. ნეთანიაჰუს თანახმად, ზომები ახლავე რომ არ მიეღოთ, მომავალში ეს შეუძლებელი იქნებოდა.
- 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
- ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს, 28 თებერვალს მოკლეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.
- ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
- აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.
ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს 2025 წლის ივნისშიც. სამიზნედ გამოცხადებული იყო ირანის ბირთვული ობიექტები და იარაღის საცავები.
- 2025 წლის ივნისის ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იყო არაერთი ირანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი.
- ოპერაციის შედეგად ისრაელმა შესრულებულად გამოაცხადა ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების მიზანი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
- დასავლეთის მედია ამერიკული დაზვერვის წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმებს ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და პროგრამა სავარაუდოდ, რამდენიმე თვით უკან დახია. ტრამპმა ამ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა.
- 2025 წლის ივნისის ოპერაციის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებდა, რომ ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე „გაიმარჯვეს".
ფორუმი