ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება, რომლის ნახევარიც “არცთუ ისე კარგ დღეშია”

Your browser doesn’t support HTML5

მოკლედ

  • ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის ცენტრალურ უბნებში 12 კორპუსს ფლობს - მათგან 11 საბურთალოზე, კოსტავას ქუჩაზეა, ერთი გურამიშვილზე.
  • ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთი შენობისთვის იბრძვის - სტუ-ს მიმართვის საფუძველზე პროკურატურა იძიებს იყო თუ არა “ქონების უკანონო ჩამორთმევა” 18 წლის წინ, 2008 წელს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ სტუ-სგან ამ შენობის ყიდვა.
მხოლოდ თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების ფართობი ჯამში 180 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

“ჩათვალეთ, ამ წუთშიც, 70 000 კვადრატული მეტრი, რომელიც არსებობს, არის არცთუ ისე კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ 20-21 ათას სტუდენტზე დარჩენილი ფართობი გვყოფნის. ავტორიზაცია შეგვიძლია 30 000 სტუდენტზეც მივიღოთ, ამიტომ ის ფართები, რომლებიც შეიძლება იყოს გასხვისებული და იმ თანხებიდან, შემდგომში უკეთესი და თანამედროვე აშენდება... თუ ვიცი, რომ ისეთი აშენდება თბილისში, როგორიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია, [მისაღებია]”, - თქვა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ რადიო თავისუფლების “გამოკითხვაში” 10 თებერვალს, მაგრამ არ დააზუსტა, რომელი კორპუსების გასხვისებაა შესაძლებელი.

საბურთალოზე, საცხოვრებელ კორპუსებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1000$-დან 1500$-მდე მერყეობს - თუკი სასწავლო კორპუსების მხოლოდ იმ ნაწილს, რაზეც რექტორი ამბობს, რომ არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია და უნივერსიტეტი ამ დროისთვის არ იყენებს, ანუ 70 000 კვადრატულ მეტრს ახალი საცხოვრებელი შენობებით ჩაანაცვლებენ, მათში ბინების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 10 მილიონს მიაღწევს.

ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები - ამ შენობების სიახლოვეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ტერიტორია უკვე გაყიდეს და იქ “მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის” მოწყობა იგეგმება.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რამდენიმე კორპუსი სააკაძის მოედანთან არის - მეექვსე კორპუსის რემონტზე 2022 წლის შემდეგ 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

2 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავით გურამიშვილის 17 ნომერში მდებარე კორპუსზე, სადაც 2014 წლიდან აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტი და სურსათის პროდუქტების გადამუშავებისა და მეღვინეობის ლაბორატორიაა. აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებს 2026 წელს ტექნიკური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ბოლო ჯერზე მიიღებს. შემდეგი წლიდან ამ ფაკულტეტს გადაიტანენ სოხუმის უნივერსიტეტში, რომელსაც ეს დისციპლინა არასოდეს უსწავლებია.

თავად აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ტექნიკურ აღჭურვაზე მთავრობამ მისი შექმნის საწყის ეტაპზე, 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის გარდა უძრავ ქონებას ფლობს რეგიონებშიც. მაგალითად, სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში 117940 მ2-ზე გაშენებულ რამდენიმე შენობისგან შემდგარ კომპლექსს, სადაც მუშაობს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი.

სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდ ჯიხაიშში, ჯერ კიდევ 1925 წელს ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით გაიხსნა ეს კოლეჯი სტუ-ს ნაწილი 2015 წლიდან გახდა.

2025 წლის ნოემბერში ფინანსურმა პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა ამ კოლეჯის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფულის თაღლითური მითვისების გამო. კოლეჯის განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,5 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. გამოძიების ვერსიით, კომპანიამ, რომელმაც სამუშაოები არ დაასრულა, 661 163 ლარი მიითვისა.

ასევე ნახეთ 4 ადამიანი დააკავეს სტუ-ს კოლეჯის რეაბილიტაციისას 661 163 ლარის თაღლითურად მითვისებისთვის

2010 წლიდან უსასყიდლო უზუფრუქტით აქვს აღებული ტექნიკურ უნივერსიტეტს 6 741 მ2 მიწა შენობებით. ცემში, ტყის პირას, სოფლისგან მოშორებით მდებარე ეს ტერიტორია კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტს ეკუთვნოდა. ამავე ინსტიტუტს ეკუთვნის ტერიტორია საგურამოში, სადაც ბოლო წლებში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB იმართებოდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ცემში.

კიდევ ერთი, 50 000 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი შენობებით, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან, გარდაბანშია.

რა დანიშნულება აქვს ამ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ ნაგებობას, რადიო თავისუფლებამ ამის დადგენა, მიუხედავად უნივერსიტეტთან ამ საკითხზე კომუნიკაციისა, ვერ მოახერხა

ასევე ნახეთ „პოლიტექნიკურის“ 104 წლის ისტორია