"მეგობარი რთულ დროში გამოიცდება" - ისრაელის საელჩო ქართველი ჩინოვნიკის ირანისთვის გამოცხადებულ სამძიმარზე

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს მას შემდეგ, რაც ირანის ელჩმა გამოაქვეყნა ქართველი მაღალჩინოსნის ჩანაწერი სამძიმრის წიგნში.

მოკლედ

  • ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ციტირებს ირანის ელჩს საქართველოში, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქართველ მაღალჩინოსანს სამძიმრის წიგნში გაკეთებული ჩანაწერისა და სამძიმრისთვის.
  • „მეგობარი გასაჭირში იცნობა“, - წერდა 6 მარტს ირანის ელჩი. "მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება", - წერს ისრაელის საელჩო.
  • რადიო თავისუფლებას საგარეო უწყებაში უთხრეს, რომ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ ჩანაწერი დატოვა მინისტრის მოადგილემ და ეს ტექსტი იდენტური იყო მთავრობის მანამდე გაცხადებული პოზიციისა.
  • "ოცნების" მთავრობის 2 მარტის განცხადება სამძიმარს უცხადებდა როგორც ირანს, ისე ისრაელს.
"ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას. მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს - ვირჩევთ", - წერს ისრაელის საელჩო.

ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ბრძოლა არის არა ირანელი ხალხის წინააღმდეგ, "რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47 წლიანი მმართველობის ქვეშ", არამედ "მკვლელი რეჟიმის" წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის სტაბილურობას რეგიონში.

ამავე ტექსტშია შეხსენება ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 2 600-წლიანი მეგობრობის შესახებ, რომელიც "დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს."

"ჩვენ ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველა - ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები - ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და მშვიდობაში.

ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქვეყანაში - ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს." - წერია საელჩოს 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საქართველოს „მაღალი რანგის წარმომადგენელმა“
ასევე ნახეთ რუსმა დიპლომატმა ხამენეის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა ირანის საელჩოში საქართველოში


ასევე ნახეთ ჩანაწერი ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა - საგარეო