ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელმა“ თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ სოციალურ მედიაში გაავრცელა. მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო სამძიმრის წიგნში ჩანაწერის, სადაც ხელმოწერა არ ჩანს.
„როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელს, მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მობრძანდით საელჩოში და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეთ“.
„მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“, - წერს ელჩი.
რა წერია სამძიმრის წიგნში?
ქართველმა მაღალჩინოსანმა სამძიმრის წიგნში შემდეგი შინაარსის ჩანაწერი დატოვა - ინგლისურ ენაზე:
„ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს“.
- ეს ტექსტი მართლაც თითქმის იდენტურია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 2 მარტს გავრცელებული განცხადების იმ ნაწილისა, რომელიც ირანს ეხებოდა;
- სრული განცხადება ეხებოდა ირანსაც და ისრაელსაც და ორივე მხარეს უცხადებდა სამძიმარს;
- სრული განცხადებით, თბილისი ასევე სოლიდარობას უცხადებდა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
საგარეო საქმეთა მინისტრს სულ ოთხი მოადგილე ჰყავს: გიორგი ზურაბიშვილი, ლაშა დარსალია, ალექსანდრე ღვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე.
იმავე დღეს, როცა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა მიუსამძიმრა ირანელ ხალხს უზენაესი ლიდერის სიკვდილი, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა რუსმა დიპლომატმაც, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ოლისოვმა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ინტერესების სექციამ ფეისბუკზე გაავრცელა.
ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა. მისი სიკვდილის გამო ირანში 40-დღიანი გლოვა გამოაცხადეს.
ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი იყო 1989 წლიდან.
ფორუმი