ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი მეზღვაური, 38 გადაარჩინეს. ყველა უცხო ქვეყნების მოქალაქეა.
განახლება: რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ერთ-ერთი ტანკერის ეკიპაჟში 23 ქართველი მეზღვაური იყო. ისინი გადაარჩინეს.
ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ სატვირთო გემებზე თავდასხმა ირანმა განახორციელა. BBC-ს ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპარსეთის ყურეში ორი ტანკერი ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
ერთი ტანკერი, Zefyros-ი, მალტის დროშით დაცურავდა, ხოლო მეორე, Safesea Vishnu - მარშალის კუნძულების დროშით.
CNN-ის ცნობით, ტანკერ Safesea Vishnu-ს მფლობელი ამერიკული კომპანია Safesea Transport Inc-ია, ხოლო Zefyros-ის - ბერძნული კომპანია.
- დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის (UKMTO)მონაცემებით, 28 თებერვლიდან, როცა ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, საპასუხოდ კი ირანი ისრაელს და სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს უტევს, სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში, ომანის ყურესა და მათ გარშემო თავდასხმა იყო 13 სატვირთო გემზე(11 მარტის ჩათვლით).
ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება მის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიმუქრა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 200 აშშ დოლარს გადააჭარბებდა.
ირანის ძალებმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა შეტევა დაიწყეს ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტეც.
ამ კვირის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 120 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, შემდეგ ფასები შედარებით სტაბილური გახდა და 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ტანკერებსა და ნავთობობიექტებზე მორიგი დარტყმების ფონზე, დღეს, 12 მარტს დილით აზიის ბირჟებზე Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა ისევ 100 დოლარს გადააჭარბა.
ასევე ნახეთ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს ნავთობის მოპოვება