ნიუ-იორკში, საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა 11 მარტს ჩატარდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 15-დან 13-მა წევრმა. რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.
რეზოლუციის პროექტი განსახილველად ბაჰრეინმა წარადგინა თავისი და არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ქუვეითის, ომანის, კატარის და იორდანიის სახელით. სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყანა და იორდანია „სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს“ წევრები არიან.
რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებზე ირანის შეტევები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და სერიოზულად ემუქრება გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რეზოლუციაში დაგმობილია თეირანის ნებისმიერი ქმედება და მუქარა, რომლებიც მიმართულია ჰორმუზის სრუტით საერთაშორისო ნაოსნობის დაბლოკვისა და შეფერხებისკენ.
გაეროში ირანის წარმომადგენელმა ამირ საიდ ირავანიმ რეზოლუციის მიღებას უწოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მანდატით ბოროტად სარგებლობა შეერთებული შტატებისა და ისრაელის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და განაცხადა, რომ ირანი აგრესიის აქტის მსხვერპლია.
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია აგრესიად გამოაცხადა და მას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.
- ირანმა ფაქტობრივად, დაბლოკა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტე.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, რუსეთმა და ჩინეთმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს იმ მოტივით, რომ რეზოლუცია დაბალანსებული არ არის და სრულად არ ასახავს კონფლიქტის მიზეზებსა და საერთო სურათს.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ 11 მარტს მიღებულ რეზოლუციას ცალმხრივი და მიკერძოებული უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი დოკუმენტი რეგიონში მშვიდობას ვერ მოიტანს. რუსეთი მოითხოვდა, რომ რეზოლუციის პროექტში ყოფილიყო ირანზე დარტყმების დაგმობაც.
რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის საკუთარი პროექტიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესახებ, რომელმაც საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ 11 მარტს დამტკიცებული რეზოლუციის თანაავტორი იყო 135 ქვეყანა. ბაჰრეინის წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი მხარდაჭერა ნიშნავს გლობალური სტაბილურობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის სპარსეთის ყურის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღიარებას.
გაეროს წესდებით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღონ და შეასრულონ. თუმცა, მათი დარღვევა იშვიათობას არ წარმოადგენს.
ფორუმი