ლუკაშენკა ჰააგაში?

ალიაქსანდრ ლუკაშენკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გამოძიება დაიწყო ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, საქმე განიხილება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებშიც ლუკაშენკას ადანაშაულებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მეზობელი ლიეტუვის ხელისუფლება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურატურამ დაასრულა წინასწარი გამოძიება საქმეებზე „ვენესუელაში არსებული ვითარება II“ და „ლიეტუვა/ბელარუსის ვითარება“, რომლებიც სასამართლოს გადასცეს "რომის სტატუტის" მონაწილე ქვეყნებმა.

ასევე ნახეთ როგორი იყო მსოფლიო 1994 წელს, როცა ლუკაშენკა პირველად გახდა პრეზიდენტი

„ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ პროკურორმა მიიღო ცალკეული გადაწყვეტილებები ამ ორ ვითარებასთან დაკავშირებით - არსებობდა თუ არა გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები ჩადენილი იყო ან ჩადენილია. ეს არის ის სამართლებრივი სტანდარტი, რომელიც აუცილებელია გამოძიების დასაწყებად“, — განაცხადეს სასამართლოში.

ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლოში(ICC) დაიწყო გამოძიება ლუკაშენკას ხელისუფლების წინააღმდეგ

რა შეისწავლეს პროკურორებმა


პროკურორებმა შეისწავლეს ყველა მასალა და დასკვნა, რომლებიც წარედგინათ წინასწარი გამოძიებების დროს.

საქმეში, რომელიც ეხება ლიეტუვა/ბელარუსის სიტუაციას, უწყებამ გამოძიება დაიწყო, რადგან მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ "რომის სტატუტით" გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილი იყო, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც, ლიეტუვის ტერიტორიაზე.

ასევე ნახეთ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა - ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაცია

2024 წლის 30 სექტემბრიდან უწყება ატარებს წინასწარ გამოძიებას იმ საჩივრის საფუძველზე, რომელიც ლიეტუვამ შეიტანა. ლიეტუვამ მოითხოვა გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ბელარუსში, რომელიც თავად არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო. ლიეტუვის განცხადებით, ამ სავარაუდო დანაშაულების გარკვეული ელემენტები ჩადენილი იყო მისი ტერიტორიის ფარგლებში.

„არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ იძულებითი ქმედებები, რომლებმაც დეპორტაციები გამოიწვია, წარმოადგენდა მიზანმიმართულ სახელმწიფო პოლიტიკას ბელარუსის ხელისუფლების რეალური ან სავარაუდო ოპონენტების წინააღმდეგ. კომისიამ დაასკვნა, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები წახალისებული ან დამტკიცებული იყო ყველაზე მაღალ დონეზე“.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს დანაშაულები ჩადენილი იყო სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემური შეტევის ფარგლებში — მათი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით.

„გამოძიების სფეროში შედის ტრანსსასაზღვრო დანაშაულები — ნებისმიერი წარსული და მიმდინარე განცხადება დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია 2020 წლის 1 მაისიდან ბელარუსში და რომლებშიც დანაშაულის მინიმუმ ერთი ელემენტი მაინც ჩადენილია ლიეტუვის ტერიტორიაზე“.

რა დანაშაულებზეა საუბარი?

ახალი გამოძიება მოიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა დეპორტაცია და დეპორტაციის გზით პოლიტიკური დევნა (რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ან კოლექტივის წინააღმდეგ), რომლებიც, სავარაუდოდ, ბელარუსის ხელისუფლების მიერ იქნა ჩადენილი.

გამოძიების ეტაპზე პროკურატურა აგროვებს და აანალიზებს მტკიცებულებებს, ადგენს იმ პირებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელნი სავარაუდო დანაშაულებზე, ფაქტობრივად ამზადებს საქმეებს კონკრეტული პირების წინააღმდეგ და აფასებს, მიღწეულია თუ არა სამართლებრივი ზღვარი იმისათვის, რომ საქმე გადაეცეს წინასწარი წარმოების პალატას დაპატიმრების ორდერების ან სასამართლოში გამოცხადების მოთხოვნით.

ბელარუსის სახალხო ანტიკრიზისულმა სამმართველომ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას იმისთვის, რომ მან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორებს გადასცა ინფორმაცია ამ დანაშაულების შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

2023 წელს სახალხო ანტიკრიზისულმა სამმართველომ მიმართა ლიეტუვის იუსტიციის სამინისტროს თხოვნით, დაეწყო პროცედურა "რომის სტატუტის" მე-14 მუხლის შესაბამისად. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის სექტემბერში, ლიეტუვის მთავრობამ ინფორმაცია გადასცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

სამმართველო გამოთქვამს იმედს, რომ სხვა ევროპული ქვეყნები მიჰყვებიან ლიეტუვის მაგალითს და ასევე დაიწყებენ ბელარუსის მოქალაქეებისგან ინფორმაციის შეგროვებას, რათა ის გადაიგზავნოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ასევე ნახეთ რეპრესიების ლაბორატორიები - რით ჰგავს „ქართული ოცნების“ კანონები რუსეთისა და ბელარუსის კანონმდებლობას?
  • 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებისა და გამარჯვებულად ლუკაშენკას გამოცხადების(ზედიზედ მეექვსე ვადით) წინააღმდეგ.
  • აქციების მონაწილეებმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და ლუკაშენკას გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
  • ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად ძალა გამოიყენა. უფლებადამცველთა ინფორმაციით, აქციების, სულ მცირე, რვა მონაწილე დაიღუპა.
  • ლუკაშენკას ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ათასობით საქმე აღძრა და დააპატიმრა ასეულობით ოპონენტი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები. აქტივისტების ნაწილმა ბელარუსი იძულებით დატოვა.
  • ლუკაშენკას ხელისუფლება აქციებს დასავლეთიდან მართულს უწოდებდა, ქვეყნიდან ოპონენტების გაძევებას კი - აქციების ორგანიზატორებისთვის მათივე აგენტების გადაცემას.
  • ლუკაშენკა პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და ადამიანის უფლებათა ხელყოფას უარყოფს.


ასევე ნახეთ როგორ ვრცელდება ბელარუსული პროპაგანდა ლატვიის რადიოეთერში


ასევე ნახეთ „შავბნელ დროშიც არ უნდა დავნებდეთ“ - ინტერვიუ ციხიდან გათავისუფლებულ ალეს ბიალიაცკისთან