- 2002 წელს დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი. ICC ჰააგაში მდებარეობს, ამიტომ ხშირად ჰააგის სასამართლოდ მოიხსენიებენ.
ბელარუსი ICC-ის წევრი არ არის, მაგრამ საჩივარი შეიტანა ლიეტუვამ, რომელსაც რომის სტატუტი რატიფიცირებული აქვს. საჩივარში საუბარია ბელარუსიდან ლუკაშენკას ოპონენტების დეპორტაციაზე. ბელარუსის ხელისუფლებამ არაერთი ოპონენტი მეზობელ ლიეტუვაში გააძევა.
გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებამდე, რომელიც 12 მარტს გამოცხადდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ წინასწარი შემოწმება ჩაატარა.
ICC-ის პროკურატურის თანახმად, აქვს გონივრული საფუძველი ივარაუდოს, რომ დანაშაულის ნაწილი მაინც ჩადენილია ლიეტუვის ტერიტორიაზე, რაც საქმის განხილვის საფუძველია.
პროკურატურა საფუძვლიანად მიიჩნევს ვარაუდს, რომ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები მიმართული იყო ლუკაშენკას რეალური ან სავარაუდო ოპონენტების წინააღმდეგ და დიდი მასშტაბის, მსხვერპლთა რიცხვისა და ორგანიზებული მოქმედების გათვალისწინებით, ჩადენილი იყო სამოქალაქო მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და სისტემატური დევნის ფარგლებში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმა ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნიდან დევნილი სვიატლანა ციხანოუსკაია. მისი განცხადებით, ასეულობით ათასი ბელარუსელი დაზარალდა და ისევ ზარალდება რეჟიმის მოქმედებების გამო და ლუკაშენკას პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ბელარუსის მეზობლებსაც.
ICC-ის პროკურატურამ წინასწარი მოკვლევა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. მანამდე ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლიეტუვის იუსტიციის სამინისტროს მიმართეს თხოვნით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ლუკაშენკას რეჟიმის დანაშაულთა შესახებ.
- 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებისა და გამარჯვებულად ლუკაშენკას გამოცხადების(ზედიზედ მეექვსე ვადით) წინააღმდეგ.
- აქციების მონაწილეებმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და ლუკაშენკას გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
- ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად ძალა გამოიყენა. უფლებადამცველთა ინფორმაციით, აქციების სულ მცირე 8 მონაწილე დაიღუპა.
- ლუკაშენკას ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ათასობით საქმე აღძრა და დააპატიმრა ასეულობით ოპონენტი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები. აქტივისტების ნაწილმა ბელარუსი იძულებით დატოვა.
- ლუკაშენკას ხელისუფლება აქციებს დასავლეთიდან მართულს უწოდებდა, ქვეყნიდან ოპონენტების გაძევებას კი - აქციების ორგანიზატორებისთვის მათივე აგენტების გადაცემას.
- ლუკაშენკა პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და ადამიანის უფლებათა ხელყოფას უარყოფს.
ფორუმი