რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პატრიარქი კირილე. 2011 წლის ფოტო

რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს აქვეყნებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებაზე“, - წერს იგი.

„სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებ ჩვენს ქართულ ძმურ მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე დანაკარგს“, - წერია 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციულად კეთილ ურთიერთობას ინარჩუნებდა ჩვენს ეკლესიასთან“, - წერს პატრიარქი კირილე.

„რუსეთის ეკლესიებში არაერთგზის სტუმრობისას, იგი ყოველთვის ხვდებოდა ყველაზე გულთბილ დამოკიდებულებას და თაყვანისცემას მთავარეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და მრავალი მორწმუნის მხრიდან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„გვჯერა, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა ჩვენი საერთო მართლმადიდებლური ოჯახის საიმედო ორიენტირად დარჩება, რაც დაგვეხმარება ყველას სულის ერთიანობის შენარჩუნებაში“, - ამბობს პატრიარქი კირილე წერილში.

ასევე ნახეთ სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებდნენ კონტაქტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან.

არაერთ ქართველ პოლიტიკოსსა და ექსპერტს გაუკრიტიკებია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვთან კავშირების გამო, რაშიც შესაძლო რუსული გავლენას ხედავდნენ.

პატრიარქ ილია მეორის ბოლო ვიზიტი მოსკოვში 2016 წელს შედგა.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აღიარებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე, როგორც წესი, ილია II-ის ოფიციალურ ტიტულს მოიხსენიებდა აფხაზეთის გარეშე.

უკრაინისა და დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი კირილეს ბრალს სდებს ომის მხარდაჭერაში. რუსეთის პატრიარქი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეყვანილია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში.

მის მიმართ სანქციების აქვს დაწესებული ლიეტუვას, კანადას და უკრაინას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ჩეხეთს და ესტონეთს.

  • 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.
  • 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას
  • ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
  • იგი გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.
  • კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.