რუსეთის მეწარმეთა კავშირის ყრილობის შემდეგ, რომელიც 26 მარტს პუტინის მონაწილეობით ჩატარდა, მან ბიზნესმენებთან დახურული შეხვედრა გამართა.
გამოცემა The Bell-ი წერს, რომ პუტინმა ოლიგარქებთან განიხილა ომის გაგრძელება და მისი დაფინანსება.
„თქვეს, ვიომებთ“, „წავალთ დონბასის საზღვრებამდე“, - ასე აღწერა პუტინის გამოსვლის ძირითადი არსი The Bell-ის ორმა წყარომ. ორივეს თანახმად, ამის შემდეგ პუტინმა ბიზნესმენებს შესთავაზა ბიუჯეტში ფულის „ნებაყოფლობით“ შეტანა.
ასევე ნახეთ Reuters: კრემლმა ანექსირებულ ოლქებზე სამჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე რუსეთის 20 რეგიონზე ერთადThe Bell-ის ერთ-ერთი რესპონდენტის ინფორმაციით, „ქვეყნისთვის მძიმე დროს ბიზნესის განძრევის“ იდეა ეკუთვნის სახელმწიფოს მიერ მართული ნავთობკომპანიის, „როსნეფტის“ ხელმძღვანელ იგორ სეჩინს, რომელმაც 25 მარტს პუტინს წერილი გაუგზავნა და სახსრების მობილიზაციის მექანიზმად შესთავაზა სამხედრო ობლიგაციების გამოშვება.
The Bell-ის ინფორმაციით, ზოგიერთი ბიზნესმენი პუტინის მიმართვას 26 მარტს გამართულ დახურულ შეხვედრაზევე გამოეხმაურა. გამოცემის ორი წყაროს თანახმად, სულეიმან კერიმოვმა პირობა დადო, რომ ბიუჯეტში 100 მილიარდ რუბლს შეიტანს. გამოცემის წყაროთა ცნობით, იდეას მხარი დაუჭირა მსხვილი ბიზნესის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თუმცა თანხა არ დაუსახელებია.
განახლება: რუსული გამოცემა The Bell-ის შემდეგ პუტინისა და ბიზნესმენების დახურული შეხვედრის ზოგიერთი დეტალის შესახებ დაწერა ბრიტანულმა Financial Times-მა. მისი წყაროების ცნობით, მეორე ბიზნესმენი, რომელმაც მზადყოფნა შეხვედრაზევე გამოთქვა, ოლეგ დერიპასკაა.
- ოლიგარქები სულეიმან კერიმოვი და ილეგ დერიპასკა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიისა და ომის გამო ევროკავშირის სახელმწიფოების, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიერ არიან სანქცირებული ისევე, როგორც რუსული ბიზნესის ასეულობით სხვა წარმომადგენელი და კომპანიები.
Financial Times-ის წყაროთა თანახმად, დახურულ შეხვედრაზე პუტინმა ბიზნესმენებს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს გააგრძელებს, რადგან აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე უკრაინამ უარი თქვა დონბასიდან ჯარების გაყვანაზე.
ასევე ნახეთ ზელენსკი Reuters-ს: აშშ უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირებს უკრაინის მხრიდან დონბასის დათმობასპრესისთვის ოფიციალურად მიცემული კომენტარის თანახმად, პუტინისა და ბიზნესმენების დახურულ შეხვედრაზე განიხილებოდა „ხელოვნური ინტელექტის რეგულირების, პლატფორმული ეკონომიკის და მეწარმეთა უფლებების დაცვის“ საკითხები. ეს შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ შოხინმა.
შოხინის ცნობითვე, ბიზნესმენებმა დასვეს ზოგიერთი სხვა საკითხიც, მათ შორის სასამართლოს გზით, „რეაგირების სარკისებური მექანიზმით“ დაცვის იმ რუსული კომპანიების, რომელთა „უფლებები დარღვეულია არამეგობრული ქვეყნების“ სანქციებით. შოხინის თანახმად, ეს წინადადება „ვლადიმირ ვლადიმირის ძეს მოეწონა“.
ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა მეწარმეთა კავშირის ყრილობაზე. პუტინმა ბიზნესი გააფრთხილა „ცდუნებაზე" დიდი შემოსავლების გამო, რაც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს მოჰყვეს ენერგორესურსების გაძვირების შედეგად და განაცხადა, რომ საჭიროა „კეთილგონიერების შენარჩუნება“ და „ზომიერი კონსერვატიზმი“ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ფინანსების სფეროში. პუტინის თქმით, დღეს ბაზრების ერთ მხარეს გადახრა ხვალ შესაძლოა, მეორე მხარით შეიცვალოს.
ასევე ნახეთ Bloomberg: რუსეთს ორჯერ გაეზარდა ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალიგანახლება: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს 27 მარტს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, დაადასტურებს თუ არა, რომ პუტინის და ბიზნესმენების შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაფინანსების საკითხი და, რომ იდეა „როსნეფტის“ ხელმძღვანელ სეჩინს ეკუთვნის.
პესკოვმა უარყო, რომ პუტინმა ბიზნესმენებს მსგავსი თხოვნით მიმართა, უარყო, რომ იდეა სეჩინის იყო და ისიც - რომ საუბარი იყო „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის" ფულის გამოყოფაზე.
კრემლის პრესმდივნის მტკიცებით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მართლაც თქვა, რომ საჭიროდ მიიჩნევს სახელმწიფოსთვის ძალიან მსხვილი თანხის გამოყოფას და ეს მისი „ოჯახური გადაწყვეტილებაა“, არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობამ ბიზნესი 1990-იან წლებში დაიწყო და ეს დასაწყისი ასე, თუ ისე სახელმწფოს უკავშირდებოდა, ამიტომ დღეს „ბევრი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ მსგავსი შენატანები გააკეთოს“.
პესკოვის განცხადებით, ეს არ ყოფილა პუტინის ინიციატივა, მაგრამ ის ამ ინიციატივას მიესალმა. კრემლის პრესმდივანმა ინიციატორი ბიზნესმენის ვინაობა არ დაასახელა.