სასულიერო პირები ირწმუნებიან, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში არავის ჩარევენ

პატრიარქის დაკრძალვა, 22 მარტი, 2026 წელი

29 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, სასულიერო პირებმა მომავალი პატრიარქის არჩევნების საკითხზე იქადაგეს.

ისინი ირწმუნებიან, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში არავის „ჩარევენ“.

მეუფე იაკობი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი

„არავის მივცემთ საშუალებას ჩაერიონ. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები - თუ ვინმეს გარედან შეწუხება დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის ვაძლევ საშუალებას, ეკლესიაში ხელები აფათუროს“, - თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

ის მიმართავს სინოდის წევრებს და ამბობს, რომ მათში „არ შეიძლება დაძაბულობა“. ქადაგებისას მან ასევე მიმართა იმ პირებს ვისაც „სიკეთე არ უნდათ“ და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა:

„სინოდის თითოეულ წევრს ვეუბნები: ჩვენში არ შეიძლება დაძაბულობა, ტელევიზიებში ათასს სისულელეს ვუყურეთ. არც [სუსი-ს] ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს.

ფაილებში, შესაძლოა 95% სიმართლე თქვან და სასულეებიც ბრძანონ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილ მოშიშები. ღმერთი გვიყვარს და წესიერად მოიქცეს ყველა.

ჩვენი სახელმწიფოს საგარეო [მიმართულებაზე ვსაუბრობ].... ვისაც ჩვენთვის სიკეთე არ უნდა, ფრთხილად იყვნენ ჩვენთან. ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენ ერთმანეთიც უნდა გვიყვარდეს და მტერიც, მაგრამ ქრისტეს და ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ გვეყვარება, ეს ყველამ იცოდეს. არაფრის შეგეშინდეთ, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ მძიმედ გავდივართ ამ პერიოდს“, - ამბობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.

2021 წლის 12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტია განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება. სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

ასევე ნახეთ ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდან

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემცვლელად, კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა.

„იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ. ამას თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან- ვლოცულობ, რომ თქვენ გახდეთო, მას ვუპასუხე: „იმაზე კი ნუ ლოცულობთ ვინ გახდეს და ვინ არა, ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება“.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას თქვა, რომ პატრიარქს სინოდი არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში აირჩევს:

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

„გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და შემდეგ, წმინდა სინოდი დაადგენს ამ ძირძველ, ღვთივკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა“.

ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, ჟურნალიტების კითხვებს უპასუხა 29 მარტს სიონში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხში „შფოთი არ შემოვიტანოთ“:

„ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით - ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე...

არის სულიერი მხარე და მაგიტომ არის ხოლმე თხოვნა მრევლისადმი, ტელევიზიებისადმი, რომ გასაგებია ვნებათაღელვა, მაგრამ იქნებ ჩვენი მოთმინებით, ამ ლოცვითი გარემოს არდარღვევით, ყველანი შევეწიოთ, რომ მართლაც ღმერთი იმოქმედებს ყველა შემთხვევაში, უბრალოდ, ჩვენ შფოთი არ შემოვიტანოთ“.

  • კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა სინოდი ირჩევს, მღვდელმთავართა ერთობა, რომელიც დღეს 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. მომავალი კათოლიკოსი ერთ-ერთი მათგანი იქნება.
  • პატრიარქის არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლითაც ახალი ეპისკოპოსი ირჩევა.
  • პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა - ამ კრიტერიუმს სინოდის 39-დან 30 წევრი აკმაყოფილებს.
  • პატრიარქობისთვის აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება.
  • ამ დროისათვის, ყველაზე გამოკვეთილი კანდიდატია შიო მუჯირი, ილია მეორის სიცოცხლეშივე მისი მოსაყდრე. არჩევნებზე მას ორი კონკურენტი ეყოლება.
  • ახალი პატრიარქი სამი კანდიდატურიდან ირჩევა. გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა.
ასევე ნახეთ 39 ეპისკოპოსი სინოდიდან - ვის აქვს პატრიარქობის შანსი და ამბიცია?