რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, ბართლომეოსი საქართველოს ეკლესიის საქმეებში ერევა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური რაიმე კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს და წერს, რომ ეს უწყებაში შესული ინფორმაციაა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (ესვეერი/СВР), „უწყებაში შესულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ აცხადებს, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევის საკითხში ჩარევას“ ცდილობს.

СВР-ის დასახელებული, ბართლომეოსის მიერ „მხარდაჭერილი“ ერთი „კანდიდატი“ 77 წლისაა, მეორე კი ივლისში ხდება 70 წლის, - 1995 წლის დოკუმენტით კი პატრიარქი 40-დან 70 წლამდე ასაკის მღვდელმთავარი უნდა იყოს.

  • ეკლესიის წარმომადგენლებმა, როდესაც 29 მარტს პატრიარქის არჩევნების საკითხზე იქადაგეს, თქვეს, რომ ჩარევის უფლებას არავის მისცემენ.
  • სუს-ში რადიო თავისუფლებას დღეს СВР-ის განცხადების შემდეგ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სწორად არ მიაჩნიათ.
  • რადიო თავისუფლება ცდილობს ეკლესიის წარმომადგენლებისგან კომენტარების მიღებას რუსეთის СВР-ის გავრცელებულ ახალ ცნობაზე.
  • ანალიტიკოსების ნაწილი კი სწორედ ამ განცხადებას აღიქვამს შიდა საქმეებში ჩარევად.

მოსკოვს გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭა.

ასევე ნახეთ

გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

რას ამბობს СВР-ი?

31 მარტს რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესბიურომ საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც, განცხადების თანახმადვე, უწყებაში „შესულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ წერს, რომ „ბართლომეოსი განაგრძობს მსოფლიო მართლმადიდებლობის დაყოფის მზაკვრული პოლიტიკის გატარებას“.

СВР-ი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს უწოდებს „ფანარიოტს“ და წერს, რომ მას „სურს გამოთავისუფლებულ პოსტზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად დააწინაუროს ის, ვისაც დაეყრდნობა“.

СВР-ი, - რომელიც ინფორმაციის კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს, - ამბობს, რომ ბართლომეოსი ამ როლში კანდიდატებად განიხილავს ორ მღვდელმთავარს:

  • დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელიას);
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილს).

ასაკობრივი ცენზის საკითხი

მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა - შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წლის დოკუმენტის) მიხედვით განსაზღვრულ ასაკობრივ ცენზს საპატრიარქო კანდიდატებისათვის.

ამ დებულების მიხედვით, ახალი პატრიარქი 40-დან 70 წლამდე მღვდელმთავარი შეიძლება გახდეს.

ამჟამად 69 წლისაა მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილიც - 70 წელი მას 2026 წლის 18 ივლისს უსრულდება.

  • სინოდის ის კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა გამოარჩიონ, ჯერ არ დანიშნულა.
  • ეს კრება, სავარაუდოდ, 26 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში დაინიშნება, - კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღეში, არაუგვიანეს 60 დღისა.

გამოხმაურებები

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს კითხვებით:

  1. რამდენად სერიოზულად/საფუძვლიანად მიაჩნიათ აღნიშნული ცნობა?
  2. რა ინტერესს ხედავენ მსგავსი ცნობის საჯაროდ გამოქვეყნებაში აღნიშნული სამსახურის მიერ?

„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩვენთვის წარმოუდგენელია, მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად. უცნობია ასეთი ინფორმაციის საფუძველი“, - გვიპასუხა მან.

რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა მსოფლიო საპატრიარქოს პრესცენტრს ამ საკითხზე, საპასუხო კომენტარის მიღების თხოვნით.

პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

იგივე კითხვებით დავუკავშირდით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება სწორად არ მიაჩნიათ.

წინა განცხადებები

29 მარტს, როდესაც სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, სასულიერო პირებმა მომავალი პატრიარქის არჩევნების საკითხზე იქადაგეს, განაცხადეს, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში არავის „ჩარევენ“.

„არავის მივცემთ საშუალებას ჩაერიონ. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები - თუ ვინმეს გარედან შეწუხება დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის ვაძლევ საშუალებას, ეკლესიაში ხელები აფათუროს“, - თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

ასევე ნახეთ

სასულიერო პირები ირწმუნებიან, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში არავის ჩარევენ

„ტვ პირველი“ იუწყება, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ამ განცხადებამდე „ჩარევის“ შესახებ ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმაც. მან თქვა:

„ბუნებრივია, რომ მოქმედ ხელისუფლებას თავისი ხედვა ჰქონდეს ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობის. ვის უფრო მეტი უნარი აქვს ამისი, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს“.

მან ამ კონტექსტში ახსენა რუსეთიც და მსოფლიო საპატრიარქოც:

ეს ხომ მარტო ჩვენი ქვეყანა არ არის, უცხო ქვეყნის ინტერესებიც ხომ არის და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ინტერესებიც არის, რა თქმა უნდა აქ - ყველასი, რუსეთის, ბიზანტიის, ანუ მსოფლიო საპატრიარქოსი“, - თქვა მან.

„ეს ჩარევაა“

ანალიტიკოსების ნაწილი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ამ განცხადებაში ხედავს ჩარევის მცდელობას.

კვლევითი ცენტრი „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევრის, გიორგი ანთაძის შეფასებით, ამ განცხადებით მოსკოვი ამბობს, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროა.

„ესაა რუსეთის პირდაპირი ჩარევა ჩვენი ეკლესიის საქმეებში და ქვეყნის სუვერენიტეტში. პირდაპირ გვეუბნებიან ეს ხალხი ჩვენთვის მიუღებელია. დანარჩენებთან დავლაგდებითო“, - წერს ის ფეისბუკზე.

პატრიარქის გარდაცვალება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.

იგი 22 მარტს თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს. მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა.

მისი დაკრძალვის ცერემონიაზე არაერთი ეკლესიის დელეგაცია ეწვია თბილისს.

მათ შორის იყო რუსეთის ეკლესიის დელეგაცია. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ:

  • სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, ბენიამინი (ტუპიეკა) და
  • პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი.

ასევე ნახეთ

ილია II-ის დაკრძალვას ესწრება პუტინის სპეცწარმომადგენელი კულტურული თანამშრომლობის საკითხებში

დაკრძალვის ღონისძიებას დაესწრო მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი ბართლომეოსიც, რომელმაც გარდაცვლილ პატრიარქ ილია მეორეს წესი აუგო ქართველი მღვდელმთავრების თანამსახურებით.

მან ვრცელ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ილია მეორეს „ერის მზრუნველი და მოსიყვარულე მამა უწოდა“ და საქართველოში ეკლესიის გაძლიერებაში ილია მეორის როლსა და მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ვინ იქნება ახალი პატრიარქი

ახალი პატრიარქს ილია მეორის გარდაცვალებიდან 40-დან 60 დღემდე შუალედში აირჩევენ.

ჯერჯერობით ოფიციალურად კანდიდატები არ დასახელებულან.

პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

იგი ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა მოსაყდრედ - რაც ნიშნავს, რომ შიო მუჯირი, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე მართავს ეკლესიას.

გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს სინოდი, - რომელსაც ამჟამად 39 მღვდელმთავარი აკომპლექტებს.

ახალი პატრიარქი სამი კანდიდატურიდან ირჩევა. გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა.

ასევე ნახეთ

39 ეპისკოპოსი სინოდიდან - ვის აქვს პატრიარქობის შანსი და ამბიცია?