უკრაინამ დაადასტურა დარტყმა რუსული ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ ქარხანაზე

კომპანია „ბაშნეფტს” ქალაქ უფაში აქვს სამი ქარხანა, მათ შორის „ბაშნეფტ-ნოვოილი"

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 3 აპრილს დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილს”.

ქარხანაზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის” შემადგენლობაში მყოფი კომპანია „ბაშნეფტი“ მართავს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 2 აპრილს იყო.

უკრაინის გენშტაბის მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1400 კილომეტრში მდებარე ქარხანაზე დარტყმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.

ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ 2 აპრილს დილით განაცხადა, რომ უფაში დრონებით შეტევა იყო იმ რაიონზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული გამოცემა ASTRA 2 აპრილს წერდა, რომ დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილში”, რომელიც ბენზინს, დიზელს, საავიაციო და რეაქტიულ საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და მისი სიმძლავრე წელიწადში 7,3 მილიონი ტონაა. ამ ქარხანასთან მდებარეობს „ბაშნეფტის” კიდევ ორი ქარხანა.

ასევე ნახეთ

უკრაინის რამდენიმე ოლქში მსხვერპლია რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად
  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.