საია 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში მის გაძევებას უწოდებს კონვენციის „მძიმე და მანიპულაციურ დარღვევას“, რომელიც „გამოიყენეს როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამაგალითო დასჯის ინსტრუმენტი“.
„სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და გამოიყენა გაძევება ექსტრადიციის აკრძალვის ფორმალური გვერდის ავლისთვის“, - აცხადებს საია.
ორგანიზაციის თანახმად, ადამიანის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება, - როდესაც ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მას წარმოშობის ქვეყანაში შეუქცევადი ზიანი შეიძლება ემუქრებოდეს, - „შეიძლება იწვევდეს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასაც“.
მე-18 მუხლის თანახმად, „დაუშვებელია უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინია გათვალისწინებული“.
საიას შეფასებითვე, აფგან სადიგოვის საქმეში სამართალდამცავი უწყებისა და სასამართლოს მოქმედებათა თანხვედრა „მართლმსაჯულების სისტემას წარმოაჩენს როგორც რეპრესიულ სადამსჯელო მექანიზმს“.
- „კვირა დღეს, გამთენიის 3-4 საათზე, ფორსირებულ რეჟიმში, საქმის განხილვის ობიექტური საჭიროება არ არსებობდა.
- ამასთან, სასამართლოს მიერ სადიგოვთან დაკავშირებული უფლებრივი კონტექსტის სრული უგულებელყოფა აღნიშნული პროცესის პოლიტიკურად მოტივირებულობაზე მიუთითებს“, - წერს ორგანიზაცია.
სადიგოვის გაძევება
კვირა დილას, 2026 წლის 5 აპრილს, დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.
ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო.
ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს, ახალი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მალევე დაინიშნა. საქმე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს დაეწერა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა.
მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.
ამ გადაწყვეტილებასა და მის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომლებშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
სადიგოვის გაძევების მომდევნო დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად.
- აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
- სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს.
- წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.