ოპოზიციამ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

ოპოზიციონერები რუსთაველზე შვილებთან ერთად მივიდნენ.

პარლამენტთან 9 აპრილის მემორიალი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„9 აპრილი არის განსაკუთრებული დღე. ჩვენ გვაქვს მაგალითი, ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ მისიას, გათითოკაცებული - მარცხდება. ჩვენი მიზანია, შევიკრათ ერთ მუშტად და აღვასრულოთ ისტორიული მისია - საქართველო გახდეს განვითარებულ ქვეყნებს შორის და რაც მთავარია, გამთლიანებული“, - თქვა გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ.

„ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, ამ მოცემულობაში კანონზომიერია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისასვლელად პოლიციის დახმარება დასჭირდათ.

„სრულიად კანონზომიერია [რომ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა პოლიცია აქ მოსასვლელად], რადგან წარმოადგენს იმ ძალას, რომელმაც ეს ხალხი [9 აპრილს დაღუპულები] მომწამლავი გაზით დაწამლა და აგვიხდა მერაბ კოსტავას სიტყვები: ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ თუ ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, დავკარგავთ თავისუფლებას ჩვენც და ქვეყანაც... დღესაც დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი რუსული რეჟიმისგან...“ - თქვა მან.

მემორიალთან მივიდნენ „ლელო - ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც.

ასევე ნახეთ

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35

9 აპრილი დღეს

დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.

პარლამენტის წინ, მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დემონსტრანტები, რომლებიც წელიწადზე მეტია აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს. მათ სურდათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ასევე ნახეთ

9 აპრილის მემორიალიდან დააკავეს კაცი, რომელსაც მაისურზე ივანიშვილსა და კობახიძეზე წარწერა ჰქონდა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსთაველზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პოლიციამ დემონსტრანტების ერთ მხარეს გადაყვანა შეძლო.

ასევე ნახეთ

მთავრობის წევრების მისვლამდე 9 აპრილის მემორიალთან პოლიცია გამოჩნდა

ასევე ნახეთ

„მონებო“, „რუსებო“ - ამ შეძახილებით დახვდნენ 9 აპრილის მემორიალთან მისულ ხელისუფლებას

ასევე ნახეთ

„მონის“ რამდენჯერმე დაძახების შემდეგ ბექა დავითულიანმა მოქალაქეს ხელი ჩაავლო და მოიშორა

მემორიალი ყვავილებით შეამკეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

ასევე ნახეთ

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გასულ 2025 წელს, ამავე ადგილზე იდგნენ დემონსტრანტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ მისულან, მოგვიანებით თქვეს, რომ ესკალაცია აიცილეს თავიდან.