ომბუდსმენი შსს-ს: მიეცით დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს აქციაზე დროებითი კონსტრუქციების აღმართვის უფლება

ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმაურება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან და აცხადებს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს უნდა მისცეს დროებითი კონსტრუქციების აღმართვის უფლება.

„მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, შეკრების მონაწილეებს არ ეძლევათ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში დროებითი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის განთავსების შესაძლებლობა“, - წერს ომბუდსმენი 21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. იქვე იგი აღნიშნავს, რომ:

  • „შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა თუ ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს;
  • ამავდროულად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი შეკრების გამართვას და აჩვენოს შემწყნარებლობა შეკრების მონაწილეთა მიერ არჩეული პროტესტის ფორმის მიმართ“.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვას;

ასევე განმარტა, რომ „ატრიბუტიკის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც მათი სარგებლობით არ ხდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, მომეტებულად არ ზიანდება სხვა პირთა კანონიერი ინტერესები ან საზოგადოებრივი წესრიგი“.

„განსახილველ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ატრიბუტიკით სარგებლობა პირდაპირ უკავშირდება შეკრების თავისუფლების განხორციელების შესაძლებლობას და არსებით გავლენას ახდენს უფლებით სარგებლობაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქცია კანცელარიასთან და პოლიციის უარი

წინა საღამოს, 20 აპრილს, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა გოგა მემანიშვილმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს მთავრობის ადმინისტრაციასთან პუფების მიტანის უფლება არ მისცა.

მშობლები შვილებისთვის მედიკამენტის მიღების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ, 20 აპრილიდან კი უწყვეტი აქციები დააანონსეს.

პოლიციის მაღალჩინოსნის განმარტებით, მშობლებს უფლება აქვთ ღამე გაათენონ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდებარე პარკში მდგარ სკამებზე და თუკი პუფების გამოყენებაც სურთ, წერილობით უნდა მოითხოვონ.

ასევე ნახეთ

პოლიციამ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს პუფების მიტანის უფლება არ მისცა
  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) არის იშვიათი გენეტიკური დაავადება;
  • ის ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობასა და ფატალურ შედეგს.
  • საინიციატივო ჯგუფის ცნობით, საქართველოში 100-მდე ბავშვია ამ დიაგნოზით რეგისტრირებული.
  • ბოლო პერიოდში არაერთი აქცია გაიმართა DMD-ით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე 21 აპრილს გამოეხმაურა აქციებს და განაცხადა, რომ მედიკამენტები, რომლებსაც მშობლები ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ხოლო მათი ფუნქცია არ არის სიცოცხლის გახანგრძლივება. მშობლები მის განცხადებებს მანიპულაციურად მიიჩნევენ.

ასევე ნახეთ

მოთხოვნილი წამლების ფუნქცია არაა გადარჩენა, განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება - სარჯველაძე დიუშენის მქონე პაციენტებზე