უკრაინა აზერბაიჯანს ცის დაცვის გამოცდილებას უზიარებს - ზელენსკის ვიზიტი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში 25 აპრილს ჩავიდა. შეხვედრები ქალაქ გაბალაში იმართება.

“მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა, რომელიც აძლიერებს ჩვენს ორ ერს” - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სოციალურ პლატფორმა X-ზე, აზერბაიჯანში ჩასვლისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტებს შორის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები ქალაქ გაბალაში გაიმართა.

ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

„ვფიქრობ, ეს რაღაცაზე მეტყველებს... და თანამშრომლობა და პოლიტიკაც და გეოპოლიტიკაც, რა თქმა უნდა“ - "ინტერფაქს-უკრაინა" ციტირებს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ტელემარათონის ეთერში გაკეთებულ განცხადებას. ზელენსკი აკონკრეტებს, რომ - აზერბაიჯანთან 5 ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

X-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში, პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინელი ექსპერტები აზერბაიჯანს ცის დაცვის გამოცდილებას უზიარებენ.

„აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტი ჩვენს ექსპერტთა გუნდთან შეხვედრით დავიწყე, რომლებიც უკრაინის ცის დაცვის გამოცდილებას აზიარებენ. უკრაინა ყოველთვის ერთგულია იმგვარი თანამშრომლობის, რომელიც აძლიერებს როგორც ჩვენს პარტნიორებს, ასევე გვაძლიერებს ჩვენ.

ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების უნიკალური გამოცდილება, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ უკვე ვმუშაობთ სამი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთი და ყურის რეგიონი, ევროკავშირი და შინაარსობრივი მუშაობა გვაქვს აზერბაიჯანთან“ - აღმიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. წერს ასევე, რომ უსაფრთხოების საკითხის გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მუშაობა თანამშრომლობის გასაძლიერებლად ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ აღმოსავლეთის ქვეყნებთან დრონებზე შეთანხმებების დეტალების შესახებ გამოაცხადა

ასევე ნახეთ

უკრაინა და საუდის არაბეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ