28 აპრილს ქარხანაზე უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო, რასაც კვლავ მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.
ადგილობრივი დროით დილის ათი საათისთვის ტუაფსეს მერის, სერგეი ბოიკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ჩამონათვალი იმ ქუჩების, რომელთა მცხოვრებნიც ევაკუაციას ექვემდებარებიან ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, ტუაფსეში „კიდევ ერთი სერიოზული საგანგებო შემთხვევაა“ და „მასშტაბური" უწოდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს. შტაბის მიერ დილის ათი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს 164 ადამიანი აქრობს 46 ერთეული ტექნიკით და უახლოეს ხანში ძალები გაიზრდება.
განახლება: 28 აპრილს, დღის 12 საათისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მორიგი შეტევა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. გენშტაბის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო არმიის უზრუნველყოფაში ჩართულ ქარხანაზე დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია, ზიანის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.
ასევე ნახეთ
„ნავთობის წვიმა“ ტუაფსეში - რუსეთის ომის ეკოლოგიური შედეგებიუკრაინის თავდაცვის ძალებმა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს 16 და 20 აპრილსაც. 20 აპრილის შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი 24 აპრილს ჩააქრეს. ტუაფსეში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები შეიქმნა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 27 აპრილს საღამოს გამოაქვეყნა „დაზუსტებული მონაცემები", რომელთა თანახმად, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 20 აპრილს განხორციელებული შეტევის შედეგად განადგურებულია 24 და დაზიანებულია 4 რეზერვუარი.
სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტუაფსეს ქარხანამ ნავთობის გადამუშავება ჯერ კიდევ 16 აპრილის შეტევის შემდეგ შეაჩერა.
- ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთიანი საწარმოო კომპლექსია თავისი საზღვაო ტერმინალით და საჯარო წყაროების მიხედვით, წელიწადში 12 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
- ქარხანა რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაშია.
- ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროდუქციის ძირითადი ნაწილი საექსპორტოა.
ასევე ნახეთ
ანაპასთან შავი ზღვის დაბინძურების წყარო სავარაუდოდ, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერია- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.