ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ინფორმაციით, გასულ ღამით დრონებით დარტყმა იყო ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე. სახლების ზედა სართულებს ხანძარი გაუჩნდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ოდესაში დაჭრილია ორი ადამიანი.
ოდესის ოლქში შეტევა იყო იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. ადგილობრივი ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 1 მაისს გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ზარალის შეფასება.
- რუსეთის ჯარები ქალაქ ოდესას და ოდესის ოლქს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ. სამიზნეებს შორისაა საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები.
ასევე ნახეთ
20-მდე დაშავებული, ნგრევა, ხანძრები - ოდესაზე ისევ მასირებული შეტევა იყოგანახლება: ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1 მაისს დილის ექვსი საათისთვის დრონით დარტყმის შედეგად ქალაქ ხერსონში დაიღუპა 65 წლის კაცი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულია ქალაქ კრივოი-როგის ინფრასტრუქტურა. დაიჭრა ერთი ადამიანი. სახლები და ადმინისტრაციული შენობები დაზიანდა ამავე ოლქის ნიკოპოლის რაიონში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე დარტყმა იყო ნიკოლაევის ოლქში. დაშავდა სამი ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 210 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 190 დრონის მოგერიება და 20-ით პირდაპირი დარტყმა 14 ადგილზე.