მაკრონი სომხეთზე: რვა წლის წინ ამ ქვეყანას აქ წარმოდგენილი უამრავი სახელმწიფო თვლიდა რუსეთის დე ფაქტო სატელიტად

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის" სამიტზე. 4 მაისი, 2026 წ. ერევანი

„რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოავლინა ჩვენი გადაჭარბებულად დამოკიდებულება რუსეთის ბუნებრივ აირზე. ვგრძნობთ ჩვენი გადაჭარბებულად დამოკიდებულებების ფასს, როცა ლაპარაკია თავდაცვასა და უსაფრთხოებაში ამერიკის ქოლგაზე.

მოდით, გულწრფელები ვიყოთ - ეს არის სპილო ოთახში“, - განაცხადა ერევანში 4 მაისს გამართულ „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტზე გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.

საფრანგეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ ავტონომიაზე მსჯელობა არ ეხება მხოლოდ კრიტიკულ მდგენელებს - თავდაცვას, უსაფრთხოებას, ენერგეტიკასა და სურსათს, „არამედ ახლა უნდა ვილაპარაკოთ კოსმოსზე, ნახევარგამტარებზე. ვინაიდან შეუძლებელია სტრატეგიული ავტონომიის ქონა თავდაცვაში, როცა ასი პროცენტით ხარ დამოკიდებული, ნახევარგამტარების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებზე“.

სიტყვით გამოსვლისას, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრის ყოფნა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტზე:

„მარკიც აქ არის, რადგან ის უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობს ევროპელებთან“.

მაკრონი დარწმუნებულია, რომ ევროპა იგრძნობს ჩინეთზე გადაჭარბებული დამოკიდებულების ფასს - „უეჭველად“.

ასევე ნახეთ

სომხეთმა და ბრიტანეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია“ გააფორმეს

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომებისა და კრიზისების მიღმა ევროპამ უნდა იზრუნოს „რისკების გაუვნებლების დიდი სტრატეგიის“ შექმნაზე, რასაც დასჭირდება მეტი ინვესტიცია და კოორდინაცია ევროპელებს შორის.

„ამას სჭირდება მეტი სოლიდარობა, მეტი ინვესტიცია, უკეთესად ორგანიზება ჩვენი ღირებულებათა ჯაჭვის უკეთესად ინტეგრაციისთვის და მისი დაცვა მთავარი გეოპოლიტიკური რისკებისგან, რომლებსაც გამოვავლენთ“.

ერთ-ერთ მთავარ რისკად მაკრონი ასახელებს „დაპირისპირების ზრდას ჩინეთსა და აშშ-ს შორის, რამაც შეიძლება გაცილებით სწრაფად გამოავლინოს ზოგიერთი გადაჭარბებული დამოკიდებულება და კუთხეში მიგვიმწყვდიოს“.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპას აქვს „რიგი აქტივებისა, რომლებსაც, სავარაუდოდ, არასათანადოდ ვაფასებთ, რაც ძირითადად გეოგრაფიის მიღმაა. მე მართლაც მჯერა, რომ დემოკრატიის, წესებზე დაფუძნებული წესრიგის მიმართ რწმენა, თავისუფალი ვაჭრობის მიმართ პატივისცემა, კლიმატური ცვლილების რწმენა - ინოვაციითა და შინაარსიანი მიდგომით, ჩვენს შორის უამრავ კავშირს ქმნის და ჩვენი პროგნოზირებადობა ამ დღის წესრიგის შესრულებაში არის ჩვენი დიდი უპირატესობა უამრავ არაევროპელ აქტორთან შედარებით“. მაკრონი ევროპის უპირატესობებს შორის ასახელებს აგრეთვე პროგნოზირებადობას.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის აღდგენაში, რადგან მის მიმართ ნდობა აქვს აშშ-ს და არსებობს „პატივისცემა ირანელების მხრიდან. არ გვაქვს ირანის მიმართ გულუბრყვილო დამოკიდებულება, მაგრამ არ ვართ მათთან ომში ჩართულები, რაც ქმნის კონტექსტს, სადაც შეგვიძლია მთლიანობაში სერვისების შეთავაზება დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური კუთხით, ჰორმუზის სრუტის თავისუფლად გახსნის ხელშესაწყობად“.

თავისი გამოსვლის ბოლო ნაწილი პრეზიდენტმა მაკრონმა სომხეთზე საუბარს დაუთმო:

ასევე ნახეთ

სომხეთმა და ბრიტანეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია“ გააფორმეს

„ნიკოლის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადში სომხეთისთვის გაწეული სამუშაო ძალიან შთამბეჭდავია. გულწრფელები ვიყოთ: რვა წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. ფაქტობრივად, ამდენი პირის პირველი ვიზიტი გაქვთ თქვენს ქვეყანაში, რაც კარგი სიგნალია, ვინაიდან რვა წლის წინ ამ ქვეყანას ამ მაგიდასთან მსხდომი უამრავი ქვეყანა თვლიდა რუსეთის დე ფაქტო სატელიტად. ნიკოლმა მოაწყო ხავერდოვანი რევოლუცია და გადაწყვიტა, დაეხსნა თავისი ქვეყანა რუსეთისგან. ამის გამო მას ჯერაც ყოველდღიურად ესხმიან თავს. და ფაქტი, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო როგორც მშვიდობის, ისე ევროპის სასარგებლოდ, ძალიან ძლიერი სიგნალია. წინააღმდეგობა უკრაინაში, სომხეთის სტრატეგია, რაც კეთდება მოლდოვაში, პლუს ამ მაგიდასთან წარმოდგენილ უამრავ ქვეყანაში, აჩვენებს, რომ როგორც ევროპელებმა, ბოლო რამდენიმე წელიწადში გადავწყვიტეთ, რომ კოლექტიურად გამოვფხიზლებულიყავით და არ ვიყოთ დამოკიდებული არც ერთ დიდ სახელმწიფოზე და ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა სტრატეგიული ავტონომიის“.

4 მაისს ერევანმა უმასპინძლა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტს, რომელშიც ორმოცდაათამდე სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერები მონაწილეობდნენ. 5 მაისს ერევანშივე გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი.

ასევე ნახეთ

სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი დაიწყო - ვინ ჩავიდა ერევანში