ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მასპინძლობს მის მერვე სამიტს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ და იმართება ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ და საკონცერტო დარბაზში.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ღონისძიებას დაახლოებით 400 უცხოელი და 100 ადგილობრივი ჟურნალისტი აშუქებს. სომხეთის მთავრობამ 4 მაისი არასამუშაო დღედ გამოაცხადა სატრანსპორტო მოძრაობის განმუხტვის მიზნით.
ვინ ჩავიდა სომხეთში
კვირას, სამ მაისს ერევანში ჩავიდნენ:
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და სხვები;
- ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე;
ევროპის სხვა ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მათ შორის:
- გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი;
- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი;
- სტუმრის სტატუსით - კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, არაევროპული ქვეყნის ლიდერი, რომელიც პირველად მონაწილეობს სამიტში.
გაფართოებულ ფორმატში, - რომლის კულუარებშიც ევროპისა და მის გაფართოებულ სამეზობლოს აწმყოსა და მომავალზე მსჯელობენ - დაარსების დღიდანვე მონაწილეობენ სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი და თურქეთი.
- სომხეთის დედაქალაქში ჩავიდა საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად;
- ერევანში არ ჩასულა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი - ანკარამ სამიტზე გააგზავნა ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი; თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები დღემდე არ აქვთ;
- ერევანში არ ჩასულა, თუმცა დისტანციურად, ვიდეო-ზარით იღებს სამიტში მონაწილეობას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
კვირა საღამოს სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და პრემიერმა უმასპინძლეს „ლიდერების სადილს“.
დაგეგმილია არაერთი შეხვედრა სხვადასხვა ლიდერს შორის.
ზელენსკის ვიზიტი ბაქოსა და ერევანში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მარტსვე, რამდენიმე საათში არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა ერევანში სხვა ქვეყნების ლიდერებთან. მათ შორის:
- ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორთან;
- ფინეთის პრემიერმინისტრ პეტერ ორპოსთან, რომელმაც ახლახან დამატებით გამოყო 300 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის თავდაცვისთვის.
- ზელენსკიმ ორპოსაც შესთავაზა “დრონების ხელშეკრულების”გაფორმება;
- გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერს, რომელთანაც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან გამკლავების გზები და მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობები განიხილა:
- ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშთან: „არსებობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების რეალური პოტენციალი“ - თქვა მან.
მცირე ხნით ადრე, აპრილის ბოლოს, ზელენსკი იმყოფებოდა აზერბაიჯანში.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტები იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. იგი არ სწვევია თბილისს, რომელთანაც კიევს დაძაბული ურთიერთობა აქვს.
მაკრონი ერევნის ქუჩებში
კვირა საღამოს ერევნის ქუჩებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და მის თანაგუნდელებთან ერთად გაისეირნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
გასულ პერიოდში მან მსგავსი ინიციატივები გამოიჩინა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისას, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
ორშაბათ დილას „იმედმა“ გაავრცელა რამდენიმეწამიანი კადრი, სადაც ემანუელ მაკრონისა და ირაკლი კობახიძის მისალმება ჩანს.
ევროკავშირი-სომხეთის სამიტი
ამავე პერიოდში, 4-5 მაისს ერევანი ასევე უმასპინძლებს ევროკავშირი-სომხეთის პირველ სამიტს.
სამიტზე სომხეთს წარმოადგენს პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკავშირს კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკავშირი-სომხეთის სამიტი დასრულდება ერთობლივი დეკლარაციისა და სხვა ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერით.
რადიო თავისუფლებამ წინასწარ მოიპოვა ერთობლივი დეკლარაციის საერთო ტექსტი, რომელშიც ნათქვამია:
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას სომხეთთან ურთიერთობების განმტკიცებისა და სომხეთის მდგრადობის, რეფორმების დღის წესრიგისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი, რაც სომხეთს ევროკავშირთან დააახლოებს“.
სავარაუდოდ, ბრიუსელი ასევე გამოაცხადებს „მნიშვნელოვან პროგრესზე“ სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, 7 ივნისის არჩევნებში „სომხეთის მომავალი თავისუფლად და დემოკრატიულად უნდა განისაზღვროს მისმა მოქალაქეებმა, გარე ზეწოლის გარეშე“.
4 აპრილს რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად კაია კალასმა განაცხადა: „სომხეთი თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ერთ თვეში აქ არჩევნებია, რა თქმა უნდა, ევროპული პერსპექტივა განსახილველია და სომხეთი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას“.
ფორუმი