რუსეთი სომხეთის საკითხს განიხილავს „ევრაზიული კავშირის“ მომდევნო სამიტზე, რომელსაც ფაშინიანი არ დაესწრება

ფოტოზე: „ევრაზიული კავშირის“ სამიტი ასტანაში 2023 წელს

15 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს, სომხეთის საკითხი განიხილოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის („ევრაზიული კავშირის“) მომდევნო სამიტზე.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთს „თავისი ორბიტისკენ ექაჩება“ და სომხეთი დგას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში „ყველა სიკეთის დაკარგვის რისკის წინაშე“.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მაისის დასაწყისში გამართული ორი ევროპული სამიტის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს არჩევანი "ევრაზიულ კავშირსა" და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას შორის.

ასევე ნახეთ

რუსეთის დუმის თავმჯდომარე სომხეთს: ყველაფერი სწორედ ასე იწყებოდა უკრაინაში

პუტინმა იქვე მიანიშნა, რომ ამ საკითხს წამოსწევდა 28-29 მაისს ყაზახეთში, ასტანაში „ევრაზიული კავშირის“ მომდევნო სამიტზე.

რუსეთის გარშემო არსებული კავშირის წევრები რუსეთის გარდა, არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

მაისის სამიტს ნიკოლ ფაშინიანი არ ესწრება.

სერგეი ლავროვმა 15 მაისსვე განაცხადა, რომ „დასანანია“, რომ ფაშინიანი შეკრებაზე არ იქნება:

„ეს, რა თქმა უნდა, დასანანია, რადგან ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ამჟამად ჰაერში ჰკიდია“, - თქვა მან.

ამასთან, 11 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საჯარო უარით უპასუხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივას სომხეთის მიერ რეფერენდუმის გამართვაზე ევროკავშირში გაწევრიანებასა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით.

„სანამ ამის აუცილებლობა არ წარმოიშობა, ჩვენ ასეთ საკითხს არ დავაყენებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ამის „ობიექტური საჭიროება“ იქნება.

„ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის ობიექტური აუცილებლობა უბრალოდ არ არსებობს“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს ერევანში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა უარით გაისტუმრა პუტინის ინიციატივა სომხეთში რეფერენდუმზე და ტერმინი „განქორწინება“ დაიწუნა

ასევე ნახეთ

"რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში ევროკავშირმა საქართველოზეც წაიბორძიკა“, სომხეთს კი „ორ სკამზე დარჩენა“ არ გამოუვა - კალუგინი