გადადგა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უწყების დირექტორი

დონალდ ტრამპი ტალსი გაბარდს ხელს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ფიცის დადების შემდეგ. 12 თებერვალი, 2025 წელი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტალსი გაბარდმა, თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Fox News-მა. გაბარდმა მოგვიანებით დაადასტურა ცნობა და სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გადადგომის წერილი გამოაქვეყნა.

„დიდი პატივი იყო, მემსახურა ამერიკელი ხალხის ეროვნული დაზვერვის დირექტორად “, - წერს გაბარდი. განცხადებაში ის იუწყება, რომ თავის ქმარს „ძვლის კიბოს უკიდურესად იშვიათი ფორმა“ დაუდგინდა. მან გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება, რათა მას მხარში დაუდგეს.

გაბარდი ადმინისტრაციას 30 ივნისს დატოვებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ტალსი გაბარდის მოადგილე, აარონ ლუკასი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდება. მან დასძინა, რომ გაბარდმა „წარმოუდგენელი სამუშაო გაწია“.

Reuters-ი, წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეთრმა სახლმა აიძულა გაბარდი თანამდებობიდან გადამდგარიყო. აპრილში ტრამპმა გენერალური პროკურორი პემ ბონდი გაათავისუფლა.

Reuters-ის წყაროების თანახმად, ტრამპი, ირანთან ომის გამო მზარდი ზეწოლის ფონზე, კაბინეტის ცვლილებების გაგრძელებას გეგმავს. სააგენტოს ერთ-ერთი წყარო იტყობინება, რომ ტრამპმა ბოლო თვეებში ეროვნული დაზვერვის დირექტორის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორად 2025 წლის თებერვალში დაინიშნა.

ის წარადგინა ტრამპმა. დანიშვნიდან მალევე მან სამსახურიდან გაათავისუფლა დაზვერვის 100-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც სამთავრობო ჩატის პლატფორმაზე განყენებულ თემებზე წერდნენ. გაბარდი დაზვერვის უწყების პერსონალის 40%-ით შემცირებას გეგმავდა.

2013 წლიდან 2021 წლამდე ის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ჰავაიდან. მანამდე ის აშშ-ის არმიაში მსახურობდა და ის ვიცეპოლკოვნიკის წოდებით დატოვა.

გაბარდი არ ემხრობოდა აშშ-ის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში სამხედრო და პოლიტიკურ კონფლიქტებში. კერძოდ, მან ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა უკრაინელი ხალხის „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენებასა და კონფლიქტის გაჭიანურებაში.

გაბარდი ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს, მათ ამჟამინდელ მდგომარეობას აკრიტიკებს, როგორც ზედმეტად მილიტარიზებულს, ასევე „ნელს, არაადეკვატურს და შეცდომების მქონეს“ და მათი რეფორმირებისკენ მოუწოდებს.

ასევე ნახეთ

მოსმენები სენატში: აშშ-ის დაზვერვამ დაადგინა, რომ ირანს ბირთვული გამდიდრების სამუშაოები არ განუახლებია

ასევე ნახეთ

პენტაგონი 200 მლრდ დოლარს მოითხოვს ირანთან ომისთვის. ეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ მთელ სამხედრო დახმარებაზე მეტია