განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში უპასუხა პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს.
დეპუტატებმა მინისტრს 44 შეკითხვა დაუსვეს განათლების რეფორმის, ზოგადი და უმაღლესი განათლების, სასკოლო პროგრამის, ფორმების, სახელმძღვანელოებისა და სასკოლო კვების შესახებ.
სასკოლო სახელმძღვანელოები
გივი მიქანაძის განცხადებით, დაწყებულია "სახელმძღვანელოების ამოცვლა" და დამატებითი სასწავლო რესურსების განვითარება და რამდენიმე კლასისთვის ახალი სახელმძღვანელოები შევა სკოლებში.
"წელს სასწავლო წლის დასაწყისში პირველ, მეშვიდე, მეათეკლასელებს უკვე დახვდებათ ახალი სახელმძღვანელოები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში".
მისივე თქმით, ბავშვების ჯანმრთელობაზე "ზრუნვის" და "ფიქრის" ფარგლებში უარს ამბობენ "სქელტანიან სახელმძღვანელოებზე" და შემოდის ახალი პრინციპი.
"სემესტრულ სახელმძღვანელოებზე გადავდივართ, ზოგი სახელმძღვანელო სამ და ოთხ ნაწილად დაიბეჭდება იმისთვის, რომ მოსწავლეთა ჩანთები შევამსუბუქოთ. ამ კუთხითაც ვზრუნავთ და ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე", - თქვა გივი მიქანაძემ.
მისი სიტყვებით, "სახელმძღვანელოები არ შეიქმნება დახურულ რეჟიმში", სახელმძღვანელოები, რომლებიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში, გაივლის პილოტირების ეტაპს სასწავლო პროცესში და "პილოტირება იქნება ყველა სკოლაში" ერთდროულად.
სახელმძღვანელოების ავტორები
განათლების მინისტრის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ არსებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გვხვდება ისეთი ავტორები, რომელთა მასალებიც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაღებია" და არსებობს "ერთეული კარგი წიგნები" ან "გამართული თავები", ეს "სისტემურ გარდატეხას ვერ ახდენს". სწორედ ამიტომ გადაწყდა "ისეთი საბაზო რესურსის შექმნა, რომლებიც აკადემიური, მეთოდოლოგიური და ასაკობრივი სტანდარტების ერთიან მინიმუმს დააკმაყოფილებდა".
ისტორიის გადაწერის მცდელობა?
დეპუტატების შეკითხვის პასუხად, ხომ არ არის ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა განათლების სამინისტროს მხრიდან, გივი მიქანაძემ თქვა, რომ მათი "შიშები და ვარაუდები საფუძველს მოკლებულია". მინისტრის განმარტებით, "სახელმძღვანელოების შემუშავებაში მონაწილეობს სკოლის მოქმედი მასწავლებლები, სხვადასხვა გამოცდილების მქონე სპეციალისტები, სამეცნიერო რეცენზენტები და სფეროს პროფესიონალები", ხოლო "სახელმძღვანელოს შინაარსი ეფუძნება აკადემიურ სტანდარტებს".
"ჩვენი მიზანია ისეთი რესურსის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს ფაქტების ანალიზის, ისტორიული პროცესების გააზრების და კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ასეთი ღიაობის, მრავალმხრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პირობებში, ვფიქრობ, თქვენი შიშები და ვარაუდები საფუძველს მოკლებულია. ჩვენი მიზანია არა რომელიმე ინტერპრეტაციის თავსმოხვევა, არამედ ხარისხიანი, აკადემიურად გამართული და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და ფართო ხედვის განვითარებაში დაეხმარება", - თქვა გივი მიქანაძემ.
ასევე ნახეთ
ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელო, რატომ ახსენებს გამომცემლებს სასკოლო წიგნების მომავალზე საუბარი წარსულს?სასკოლო ფორმები
განათლების მინისტრმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას "ძალიან სახალისო შეკითხვა" უწოდა. პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რა მექანიზმებით არის დაცული მოსახლეობა იმისგან, რომ 45 მილიონი ლარი, რომელიც გამარტივებული შესყიდვის გზით უნდა დაიხარჯოს სასკოლო ფორმებზე, კორუფციულად არ იქნება გამოყენებული?
გივი მიქანაძემ ამ საკითხზე პასუხის გაცემა სასკოლო ფორმის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ მას აქვს როგორც "საგანმანათლებლო, ასევე სოციალური და კულტურული მნიშვნელობა", "ამცირებს სოციალურ განსხვავებას", მშობლებისთვის ხშირად ამცირებს ყოველდღიურ ხარჯებს, ამასთან აყალიბებს მოწესრიგებულ და აკადემიურ გარემოს.
ისაუბრა ასევე გამოცხადებულ ტენდერზე და თქვა, რომ "სამწუხაროდ, გამოვლენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, რის გამოც პროცესი შეწყდა და ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა". განმარტა, რა მექანიზმები აზღვევს რისკებს.
"პროცესი რამდენიმე მექანიზმით არის დაცული და გადაზღვეული: ეს არის საბანკო გარანტიები, ეს არის ეტაპობრივი მიწოდების კონტროლი, ხარისხის საექსპერტო შეფასება და შესაბამისი ადმინისტრაციული მონიტორინგი".
ასევე ნახეთ
სახელმწიფომ გაზარდა თანხა სასკოლო ფორმების შესასყიდად - გამოცხადდა ახალი შესყიდვა- სახელმწიფო მზადაა, 758 840 ლარით მეტი გადაიხადოს ფორმებში და ისინი გამარტივებული შესყიდვით შეიძინოს.
- ახალი შესყიდვის განაცხადი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ, "საგანმანათლებლო რესურსებმა", 25 მაისს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ერთი თვით ადრე გამოცხადებული ანალოგიური შესყიდვა 14 მაისს უკან იქნა გახმობილი.
- პირველადი გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს 1 801 000 ცალ სასკოლო ფორმებში 44 900 000 ლარი უნდა გადაეხადა - ახლა ეს თანხა 45 658 840 ლარამდე გაიზარდა.
- ჯერჯერობით სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არ ჩანს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ფორმების შეკერვის სურვილს გამოხატავენ.
სასკოლო კვება
ინტერპელაციის ფარგლებში განათლების მინისტრმა უფასო სასკოლო კვების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით "ინტენსიურად მუშაობენ", "თუმცა სასკოლო კვების სისტემის შემოღება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება", განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვას, რაციონის დაცვას, მონიტორინგის მექანიზმს.
მისი სიტყვებით, "სამინისტრო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით აგრძელებს მუშაობას კვებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად".
"შესაბამისად, სასკოლო საათებში კვების საკითხის მოგვარებას ჩვენ ვუდგებით სისტემურად და ორიენტირებული ვართ მდგრადი მექანიზმის შექმნაზე“, - თქვა გივი მიქანაძემ.
სტუდენტების დაკავება სასწავლო პროცესისას
განათლების მინისტრს სთხოვეს, შეეფასებინა "განათლების მისაღებად მისული სტუდენტების სასწავლებლებში დევნა, მათი ლექციებიდან გამოყვანა, განათლების პროცესს მოწყვეტა და ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება".
ასევე ნახეთ
“ტროტუარის საქმეები” დამთავრდა? - ვყვებით ამ პროცესების დინამიკასა და ლოგიკაზემას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა 2025 წლის 10 დეკემბერს დაჩქარებული წესით შეცვალეს კანონი და პროტესტის ნიშნად ტროტუარზე დგომა შეზღუდეს, ქვეითთა “უფლებების, დასაცავად”, შსს-მ არაერთი საქმე შეიტანა საქალაქო სასამართლოში დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ბოლო ოთხ თვეში, იანვრის ბოლოდან მაისის ჩათვლით, ორმოცზე მეტმა ადამიანმა ტროტუარზე დგომისთვის, ჯამში, 129 დღე გაატარა იზოლატორის საკნებში.
აქტივისტების დასჯის საბაბს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის ის ნაწილი იძლევა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიიღო და ყოველდღიური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების 380-ე დღეს აამოქმედა.
“ტროტუარის საქმეებს” სულ ექვსი მოსამართლე განიხილავდა: თორნიკე კაპანაძე, კობა ჩაგუნავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე, დავით მაკარაძე და ზვიად ცეკვავა. ტროტუარზე დგომისთვის დასჯილების ნაწილს პირდაპირ სასამართლოს დარბაზში დაადეს ხელბორკილები, ნაწილს სასამართლოს ეზოსთან, ნაწილს - სტუდენტებს - უნივერსიტეტებთან.
"რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დევნად შეფასებულ შემთხვევას, როგორც ცნობილია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელდა რეაგირება კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფოში თითოეული ინსტიტუცია მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებაც სწორედ უფლებამოსილი ორგანოების პრეროგატივაა. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობა, სტუდენტთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის უზენაესობა წარმოადგენს თანაბრად მნიშვნელოვან ღირებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონით დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით", - თქვა განათლების მინისტრმა.
"გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლის, ტატა ხვედელიანის შეფასებით, მინისტრისგან ვერცერთ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს, რაზეც გივი მიქანაძემ უპასუხა, რომ მოსმენასაც უნარი სჭირდება.