დრონებით და რაკეტებით შეტევის „საფრთხე“ იყო გამოცხადებული რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.
29 მაისს დილით რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ვოლჟსკის სინთეტიკური ბოჭკოების ქარხანაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა, ხოლო ქალაქ ვოლგოგრადში, ვერშინინის ქუჩაზე დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი და დაჭრილია ერთი ადამიანი. მოგვიანებით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობი დაწერა, რომ ვოლჟსკის ქარხანაში დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
რეგიონის გუბერნატორის ცნობით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შედეგად ხანძრები გაჩნდა ვოლჟსკის ქიმიურ საწარმოში და „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე“ ვოლგოგრადის სამხრეთში.
დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ქალაქ ვოლგოგრადში შეტევა იყო კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ამ რეგიონში უმსხვილესია და წელიწადში 15 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს გადაამუშავებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ლუკოილის“ ამ ქარხანას ადრეც არაერთხელ დაარტყეს.
ASTRA-ს ცნობით, ქალაქ ვოლგოგრადის ვერშინინის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელზეც გუბერნატორის თანახმად, დრონი მოხვდა, დაახლოებით ორ კილომეტრშია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხნიდან „ტიტან-ბარიკადები“, რომელიც საარტილერიო და სარაკეტო ტექნიკას აწარმოებს
ასევე ნახეთ
ოდესაზე რუსეთის ჯარების შეტევისას დრონით დარტყმა იყო თურქეთის გემზეუკრაინული დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეზეც. რეგიონის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 29 მაისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ ხანძარი გამოიწვია ტემრიუკის პორტის ტერიტორიაზე.
რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა ობიექტზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის დროს, როგორც წესი, „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შესახებ იუწყება მაშინაც კი, როცა ზიანი გამოწვეულია დრონებით პირდაპირი დარტყმის შედეგად.
- ქალაქი ტემრიუკი ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ტამანის ნახევარკუნძულის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტია. პორტი მდებარეობს რაიონში, სადაც მდინარე ყუბანი აზოვის ზღვას უერთდება.
- 2025 წლის ზაფხულში რუსეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ტემრიუკის პორტში გაიხსნა ტერმინალი ნავთობის ექსპორტისთვის.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტემრიუკის პორტს დრონებით ორჯერ შეუტიეს 2025 წლის დეკემბერშიც.
განახლება: 29 მაისს დილით რუსეთის იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით დარტყმა იყო „საწვავის შემნახველ სამრეწველო ობიექტებზე“, სადაც ხანძარი გაჩნდა, არავინ დაშავებულა.
გამოცემა ASTRA-ს ცნობით, იაროსლავის ოლქში შეტევა იყო ნავთობის საქაჩ სადგურზე „იაროსლავი-3“. ამ ობიექტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 19 მაისსაც დაარტყეს.
ასევე ნახეთ
უკრაინაზე შეტევისას რუსული დრონი რუმინეთში აღმოჩნდა და სახლს შეეჯახარუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 მაისს დილით გამოაქვეყნა მოკლე ცნობა, რომ 28 მაისის საღამოს რვიდან 29 მაისის დილის შვიდ საათამდე 12 რეგიონში, მათ შორის ვოლგოგრადში, იაროსლავსა და კრასნოდარში, აზოვის ზღვის თავზე და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 208 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ღამის განმავლობაში და გამთენიისას საჰაერო შეტევა იყო უკრაინაზეც.
საჰაერო ძალების მიერ 29 მაისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 232 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ბალისტიკური რაკეტა. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 217 რუსული დრონის მოგერიება და რაკეტით და 14 დრონით პირდაპირი დარტყმა 14 ადგილზე.
რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამიზნე ისევ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა თურქული სატვირთო გემიც, რომლის ეკიპაჟის ორი წევრი დაიჭრა.
უკრაინაზე შეტევისას რუსული დრონი აღმოჩნდა რუმინეთის ტერიტორიაზე და გალაცის რაიონში სახლს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.