ამერიკელებმა კუნძულ ყეშმზე დაარტყეს ირანის სამხედრო ობიექტს, მიზნად თავდაცვა დასახელდა

ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძული ყეშმი(საარქივო ფოტო)

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის კუნძულ ყეშმზე დაარტყეს ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ობიექტს. სარდლობის თანახმად, ეს ირანის მხრიდან შეტევის მცდელობის გამო და თავდაცვის მიზნით გაკეთდა. ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმას დრონებით და რაკეტებით დარტყმით უპასუხა.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ყეშმზე მდებარე ობიექტზე დარტყმას უწოდა პასუხი ახლო აღმოსავლეთზე შეტევის მცდელობაზე, რომელსაც ირანმა 2 ივნისს მიმართა.

CENTCOM-ის ინფორმაციით, ირანის ძალებმა სცადეს ბალისტიკური რაკეტებით შეტევა ქუვეითსა და ბაჰრეინზე, თუმცა ქუვეითისკენ ნასროლმა ორმა რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია და გზაში აფეთქდა, ბაჰრეინისკენ გაშვებული სამი რაკეტა კი აშშ-ის და ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს. მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ირანის სამი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მიმართული იყო სამოქალაქო გემების წინააღმდეგ.

CENTCOM-ის ცნობითვე, ამერიკულმა ჯარებმა თავდაცვის მიზნით ირანის კუნძულ ყეშმზე დაარტყეს სამხედრო ობიექტს - მართვის პუნქტს. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, კვლავაც მზად არიან თავი დაიცვან ირანის უსაფუძვლო აგრესიისგან ცეცხლის შეწყვეტის მიმდინარე პერიოდში.

  • მხარეებს შორის დროებითი ზავი აპრილის დასაწყისიდან ამოქმედდა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.

ასევე ნახეთ

ისრაელი სამხრეთ ლიბანში იერიშს გააგრძელებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირწმუნება, რომ კუნძულ ყეშმზე მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმის პასუხად, რაკეტებით და დრონებით შეუტიეს ამერიკულ საავიაციო ბაზას რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში და შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბს. თეირანს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. ცნობილია, რომ მეხუთე ფლოტის შტაბი ბაჰრეინშია.

გუშაგთა კორპუსის განცხადებაში, რომელიც ირანის სახელმწიფო მედიამ 3 ივნისს გაავრცელა, ისიც ნათქვამია, რომ ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის ტანკერზე დარტყმის პასუხად შეუტიეს აშშ-თან კავშირის მქონე გემსაც.

  • 2 ივნისს ამერიკელმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ირანისკენ მიმავალ, ბოტსვანის დროშით მცურავ ტანკერზე, რომელიც, CENTCOM-ის ინფორმაციით, არ დაემორჩილა არაერთ გაფრთხილებას, რომ ბლოკადას არღვევდა.

ირანის განცხადებას ბაჰრეინში მდებარე მეხუთე ფლოტის შტაბზე სარაკეტო შეტევის შესახებ ტყუილი უწოდა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ. მისივე ცნობით, წარუმატებელი იყო ირანის მცდელობაც დრონებით დაერტყა ქუვეითში დისლოცირებული ამერიკული ძალებისთვის, საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერია და უზრუნველყო, რომ ამერიკული პერსონალი არ დაშავებულიყო და ქონება არ დაზიანებულიყო.

ასევე ნახეთ

ევროკავშირმა, შესაძლოა, ირანის გამო რუსული ნავთობის ზღვრული ფასი გაყინოს
  • 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზეზად დაასახელეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე. თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე მეზობელ ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
  • თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
  • 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.
  • დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, თუმცა მთლიანობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია.