ვინ უხელმძღვანელებს ქართულ დელეგაციას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე დიალოგში

საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში წარმოადგენს გიორგი ტაბატაძე - საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი

2026 წლის 11 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს „სავიზო დიალოგის“ პირველი შეხვედრა, - შეხვედრა, რომლის მიზანიც, როგორც რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა უთხრა, არის საქართველოს გააგებინოს, რომ „საქმე სერიოზულად არის“.

რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ბრიუსელში წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, - სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, - ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.

11 ივნისის შეხვედრა კი განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.

„შესაფერისი ადამიანი“

ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორ რიკარდ იოზვიაკს უთხრა, რომ იმედი აქვთ, თბილისი გამოუშვებს „ვინმე შესაბამის ადამიანს“, - ისეთს, ვისთანაც კონსტრუქციული საუბარი იქნება შესაძლებელი, რათა დიალოგი შედგეს და არ მოხდეს იგივე, რაც 2025 წელს „ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის“ მცდელობისას მოხდა.

  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა;
  • მიზეზი ქართულ დელეგაციაში რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებული პირის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის ყოფნა გახდა - რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს;
  • საქართველოს საგარეო უწყებამ მაშინ განაცხადა, რომ შეხვედრა ჩაიშალა, რადგან „ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები“.

ასევე ნახეთ

დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, მის მიმართ სანქციები გახდა თუ არა EU-სთან დიალოგის გადადების მიზეზი

ვის გზავნის თბილისი

დღის ბოლოს, 5 ივნისს რადიო თავისუფლებას საგარეო უწყების პრესცენტრიდან მისწერეს, რომ „ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს“.

  • „ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ქ. ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება“;
  • შეხვედრაში „მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით“.
  • ამ პოზიციას გიორგი ტაბატაძე იკავებს.

ასევე ნახეთ

„საქმე სერიოზულად არის“ - უვიზო რეჟიმზე ევროკავშირ-საქართველოს დიალოგი 11 ივნისსაა დაგეგმილი, გადაწყვეტილებას 2027 წლის იანვარში ელიან