სომხეთში 7 ივნისს ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მისალოცი ტექსტი:
„გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ”.
სომხეთში კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ფაშინიანს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სომხეთის არჩევნებმა საქართველოსა და ევროკავშირს და საქართველოსა და აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პასუხი იყო, რომ დაინტერესებული არიან ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას და ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და განაცხადა, რომ გააგრძელებენ ამ ურთიერთობების განვითარებას.
- სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსი აირჩია, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.
- „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, გასული ორი წლის განმავლობაში შეჩერდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა.
ასევე ნახეთ
სალომე ზურაბიშვილი: „დღეს სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი”სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2005 საარჩევნო უბნიდან 1363-ის შედეგებით, ხმების 50,72%-ით ლიდერობს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“.
23,55%-ით მეორე ადგილზეა მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი „ძლიერი სომხეთი“.
9,51% აქვს ბლოკს „სომხეთი“, რომლის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია.
4,09% აქვს პრორუსული პოზიციის პარტიას „აყვავებული სომხეთი“.
სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს ხმების 4%-ზე ნაკლები აქვთ და შესაბამისად, ბარიერი ვერ გადალახეს. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა 18 სუბიექტი - 16 პარტია და 2 ბლოკი.
ამომრჩეველთა აქტივობა 58,97% იყო.
განახლება: სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 8 ივნისს დილის ათი საათისთვის გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, რომლებიც ყველა, 2005-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებს ეფუძნება:
- პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ 49,81%;
- ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23,29%;
- ბლოკი „სომხეთი“ 9,94%;
- „აყვავებული სომხეთი“ 4%.
ასევე ნახეთ
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები გეოპოლიტიკური საზომით - ფაშინიანი და პრორუსული ძალებისომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ხმების ნახევარზე ნაკლები იყო დათვლილი, განაცხადა, რომ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ მიაღწია „ისტორიულ გამარჯვებას“ და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, როცა ჟურნალისტებმა ფაშინიანს ჰკითხეს, ხომ არ არის მისი ეს განცხადება პრობლემური, როცა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები ჯერ შეჯამებული არ არის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავთ წარმომადგენლები, აქვთ ოქმების ასლები და თავადაც ითვლიან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობად და ხელისუფლების უზურპაციად შეაფასა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ოპოზიციურმა საარჩევნო ბლოკმა „სომხეთი“.
პრორუსული „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაშია, 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში არჩევნებს „სამარცხვინო“ უწოდა. კარაპეტიანმა ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადანაშაულა ხმების შეჯამების პროცესის შეჩერებაში. თავად საარჩევნო ადმინისტრაცია მონაცემებს პერიოდულად აახლებდა. კარაპეტიანის განცხადებით, ფაშინიანის პარტიას „სასურველი გამარჯვება არ ექნება“.
სომხეთის და რუსეთის მოქალაქე, მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი სომხეთში დააკავეს 2025 წლის ივნისში. მას ბრალად ედება საჯარო მოწოდებები ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, გადასახადებისთვის თავის არიდება და ფულის გათეთრება. კარაპეტიანი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.