რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ „სათბობ ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოებზე მოწინააღმდეგის გაზრდილი საჰაერო შეტევები“ დაასახელა სამხრეთ რეგიონებისთვის საწვავის მიწოდების „დროებითი სირთულეების“ მიზეზად.
კონკრეტულად რომელი რეგიონები განიცდიან საწვავის დეფიციტს, ენერგეტიკის სამინისტროს 8 ივნისს ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში არ დაუსახელებია.
- რუსეთი თავის რეგიონად მიიჩნევს 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმს, სადაც ბენზინის მწვავე დეფიციტია.
- რუსეთის სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალები ნავთობის გადამამუშავებელ და ტრანსპორტირების ობიექტებს ხშირად უტევენ კრასნოდარის მხარეშიც. მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე და მხოლოდ ქალაქ ტუაფსეში დრონებმა ხუთჯერ შეუტიეს საზღვაო ნავთობტერმინალს.
- უკრაინული დრონებით დარტყმები ხშირია რუსეთის არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ სხვა რეგიონებში მდებარე ობიექტებზეც.
ასევე ნახეთ
უკრაინის ძალებმა ნოვოროსიისკში დაარტყეს ნავთობის რეზერვუარების უმსხვილეს პარკსრუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, „ქვეყნის მთელი სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის სტაბილური და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად“ შეიქმნა შტაბი, რომლის შემადგენლობაში არიან რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ამ განცხადებამდე, 8 ივნისს დღისით კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს ყირიმში საწვავის დეფიციტის შესახებ.
პესკოვმა „სრულიად დაუსაბუთებელი აჟიოტაჟის ბევრ გამოვლინებაზე” მიუთითა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს, რათა არანაირი დეფიციტი არ იყოს.
პუტინის პრესმდივანმა გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში ხალხი მასობრივად ყიდულობდა წიწიბურას მაშინ, როცა მისი არანაირი დეფიციტი არ იყო. პესკოვმა დაასკვნა, რომ „ზოგჯერ, მსგავსი ემოციური ქმედებები იწვევს ხელოვნურ სიტუაციებს“.
ასევე ნახეთ
მზე, ზღვა, ქვიშა - უბენზინოდ: ტურისტები ყირიმში სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან- ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტების ტერმინალებზე.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით სულ მცირე 30 დარტყმა იყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ თვეში განხორციელებული შეტევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Reuters-ის წყაროთა ინფორმაციით, ამ გაზაფხულზე, უკრაინული დრონებით შეტევების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პრაქტიკულად ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, წარმოება შეეჩერებინა ან შეემცირებინა.