„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ირანის ღრმა უნდობლობა შეერთებული შტატების მიმართ ამერიკელი ლიდერების არასამართლიანი მოქმედების ხანგრძლივი ისტორიიდან მომდინარეობს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაქაიმ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.
„შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ირანელი ხალხის ნდობას მოიპოვებს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ჩარჩო-შეთანხმება „მხოლოდ ნაბიჯია დაძაბულობის შემცირებისა და თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის დასრულებისკენ“.
ამასთან, ირანი აცხადებს, რომ აშშ-სთან საბოლოო შეთანხმების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს რატიფიკაციას მოითხოვს.
სამინისტრო თვლის, შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ისრაელმა აიღოს ვალდებულება, შეაჩეროს ომი ლიბანში ახლო აღმოსავლეთის ომის დასრულების ჩარჩო შეთანხმების შესაბამისად.
ბაქაიმ ასევე ილაპარაკა აშშ-ის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულების შესახებ:
„ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლება, ასევე ზიანის ანაზღაურება ორი მნიშვნელოვანი პუნქტია. ამერიკულმა მხარემ აიღო ვალდებულება, მიიღოს ზომები ორივე სფეროში“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
აშშ-სა და ირანს შორის აპრილის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მოლაპარაკების თემა იყო ჰორმუზის სრუტე, რომელიც ირანმა ჩაკეტა ომის დაწყების შემდეგ და რომლის გავლითაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და გაზის მეხუთედი გადიოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ივნისს, როცა ირანთან შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, თქვა, რომ სრუტე პარასკევს, 19 ივნისს გაიხსნება.
ირანის საგარეო უწყება ახლა აცხადებს, რომ აშშ-სთან ჩარჩო შეთანხმების მიხედვით, ქვეყანა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გადაადგილებულ გემებს საზღვაო მომსახურების საფასურს დააკისრებს და არა გადასახადს.
„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ არ ვცდილობთ სატრანზიტო გადასახადის აკრეფას, მაგრამ ნავიგაციის მომსახურების, გარემოს დაცვის, გემების დაზღვევის და სხვა აუცილებელი მომსახურების საფასური დაწესდება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაქაიმ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის და ირანის ჩარჩო-შეთანხმების მიღწევის ცნობა პირველად შუამავალმა, პაკისტანმა გაავრცელა გვიან, 14 ივნისს. დონალდ ტრამპმა, რომელიც 80 წლის იუბილეს აღნიშნავდა, განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება “მშვიდობას” მოიტანს მთელ ახლო აღმოსავლეთში