მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო - მეორედ ბოლო სამ დღეში

18 ივნისს დრონებით მორიგი შეტევა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

18 ივნისს უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე.

უკრაინულმა დრონებმა ისევ შეაღწიეს უშუალოდ მოსკოვში, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დედაქალაქი საჰაერო თავდაცვის სისტემებით განსაკუთრებულად დაცულ ადგილად ითვლება.

  • კომპანია „გაზპრომ ნეფტის" მოსკოვის ქარხანაზე ბოლო სამ დღეში მეორე შეტევა იყო.

18 ივნისს დილის შვიდი საათისთვის მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ „რამდენიმე უპილოტომ შეძლო მიღწევა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნამდე“ და იღებენ „ზომებს შედეგების ლიკვიდაციისთვის“. რა შედეგებია ეს, სობიანინს არ დაუკონკრეტებია.

რუსული და უკრაინული წყაროების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების მიხედვით, ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარია.

დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს ცნობით, მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარდა დარტყმა იყო სულ მცირე ერთ მრავალბინიან სახლზე.

მოსკოვის მერის ინფორმაციით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ უმნიშვნელოდ დააზიანა“ სავაჭრო ცენტრის, „სადოვოდის“ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა. სობიანინის თანახმად, ღამის განმავლობაში და დილით მოსკოვის მიმართულებით მოგერიებული იყო, 190-ზე მეტი დრონი.

გამოცემა ASTRA-მ გაავრცელა სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიიდან გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ახადა აფეთქებამ სახურავი მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი საცავს.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს 16 ივნისსაც.
  • სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ამ შეტევის შემდეგ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
  • კომპანია „გაზპრომ ნეფტის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსკოვის კაპოტნიას რაიონში მდებარეობს.
  • საჯარო წყაროების თანახმად, ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 11 მილიონი ტონაა, მოსკოვს უზრუნველყოფს ბენზინის 40%-ით და დიზელის საწვავის 50%-ით და მოსკოვის აეროპორტებისთვის საწვავის ძირითადი მიმწოდებელია.
  • ქარხანა წარმოებული პროდუქციის 80%-ს აწვდის მოსკოვს და მოსკოვის ოლქს.

ბოლო ორ წელიწადში „ყველაზე მსხვილი“ შეტევა

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" მოსკოვის მერის მიერ დასახელებული დრონების რიცხვის მიხედვით, 18 ივნისს განხორციელებულ „შეტევის მცდელობას" უწოდა „ყველაზე მსხვილი" ბოლო ორ წელიწადში.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო მოსკოვის ოლქზეც. რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ სოციალური ქსელებით დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟუკოვსკიში დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს, საიდანაც მობინადრეთა ევაკუაცია განხორციელდა.

ქალაქ ლიუბერციში უპილოტო საფრენი აპარატების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ დააზიანა სამრეწველო ზონაში მდებარე ობიექტი (კონკრეტული ობიექტი ვორობიოვს არ დაუსახელებია), ფიტნეს-ცენტრის შენობა და სავაჭრო ცენტრი „ბელაია დაჩა“, სადაც ხანძარი გაჩნდა. გუბერნატორის ცნობითვე, მოსკოვის ოლქის კიდევ რამდენიმე რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები და დაშავდა ერთი ადამიანი.

განახლება: დღის 12 საათისთვის მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დრონებით შეტევის შედეგად რეგიონში დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

დრონებით მასირებული შეტევის გამო დროებით დაკეტეს მოსკოვის ოთხივე აეროპორტი.

დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებების ცნობით, მოსკოვის და მოსკოვის ოლქის არაერთი მცხოვრებმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მოსალოდნელი შეტევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ მიუღიათ და არც საჰაერო განგაში გამოცხადებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 ივნისს დილით გამოაქვეყნა ზოგადი, მოკლე ცნობა, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის რეგიონში და რუსეთის კიდევ თექვსმეტ ოლქში, ყირიმში და აზოვის ზღვის თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 555 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

რა თქვა უკრაინამ

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 18 ივნისს განხორციელებული შეტევა უკრაინის არმიის სპეცოპერაციების ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო დაზვერვის ერთობლივი ოპერაცია იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული არმიის მომარაგებაში ჩართულ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სულ მცირე ხუთ წერტილში. მათ შორისაა ნავთობის გადამუშავების კომბინირებული და მეორადი დანადგარები და რეზერვუარების პარკი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 18 ივნისს თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის საცავ „გუკოვოსაც“.

უკრაინის თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ეს არის „სრულიად სამართლიანი პასუხი“ უკრაინის ქალაქებსა და თემებზე რუსეთის დარტყმების გამო.

ასევე ნახეთ

რუსეთმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით დაარტყა