ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში - კობახიძე „დიპ სტეიტს“ უკავშირებს OSCE PA-ს კრიტიკულ დეკლარაციას

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, - საქართველოზე კრიტიკული მუხლების ჩათვლით, - „დიპ სტეიტს“ უკავშირებს.

ის ასევე ამბობს, რომ OSCE PA-ზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობა.

ორშაბათს, 2026 წლის 13 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ირაკლი კობახიძემ შემდეგი სიტყვებით დაიწყო:

„არსებობს ცნობილი გამონათქვამი: „რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე“. ეს გამონათქვამი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს“.

„დიპ სტეიტი“

შემდეგ კვლავ ვრცლად ისაუბრა თავისი პარტიისა და მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განვითარებული შეთქმულების თეორიის, „დიპ სტეიტის“ (როგორც წარსულში ეძახდნენ, „გლობალური ომის პარტიის“) შესახებ და თქვა:

„არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა“.

ასევე ნახეთ

არ ჩანს, რომ „დიპ სტეიტი“ დაამარცხა, ვართ მოლოდინის რეჟიმში - კალაძე ტრამპზე

კობახიძე ხუთი დღის შემდეგ საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ასამბლეის მიერ დეკლარაციის მიღებას; მანამდე დეკლარაცია „ქართული ოცნების“ სხვა არაერთმა ლიდერმა უკვე გააკრიტიკა.

8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ (OSCE PA) 33-ე, ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“. დეკლარაციაში საქართველოს შესახებ წერია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას:

„თავი შეიკავონ საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგების აღიარებისგან, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ არ შეფასებულა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული“.

ასევე ნახეთ

„დიპ სტეიტი“ - რა დგას „ოცნების“ ახალი გზავნილის მიღმა

„მათზეა დამოკიდებული“

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ განვითარდება შემდგომში თანამშრომლობა OSCE PA-სთან, კობახიძემ განაცხადა:

„თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განაგრძობს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქმიანობას, დარჩება ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ“, - თქვა მან.

„ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასულ კვირაში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღება.

ასევე ნახეთ

„წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი“ vs „ქოცები გაიქცნენ“ - „ოცნება“ და ოპოზიცია „ჰააგის დეკლარაციაზე“

პოლიტიკოსების შეფასებები

ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „კუდამოძუებული გაიქცა“ კრიტიკული სივრციდან და ნაცვლად რუსეთის კრიტიკისა უმნიშვნელოვანესი პლატფორმის გამოყენებით, მისი „საბოტაჟი“ მოახდინა.

საქართველოს შესახებ აღნიშნული კრიტიკული მუხლების მიღება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა კი „საერთაშორისო წესრიგის დასრულების“ მაგალითად დაასახელა“.

ოპოზიციური პარტია „ლელო/ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „გაქცევად“ შეაფასა მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილება და მათ, - როგორც ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს, - „ქოცები“ უწოდა. გეგელიამ განაცხადა:

„ქოცები“ კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, ისე როგორც გასულ წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან და იქამდე ევროპარლამენტის დარბაზიდან“.

ასევე ნახეთ

წერია ბრალდებები, თუმცა მტკიცებულებები ვერ მოიძებნა - სამხარაძემ ეუთოში „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გააკრიტიკა

„ექსპრემიერი გიორგი გახარია (პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი) პლატფორმა X-ზე გერმანიიდან გამოეხმაურა მომხდარს და დაწერა:

„მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, „ქართული ოცნება“ ახდენს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს, ნაცვლად იმისა, რომ იგი ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე“.

  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაციაში“ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და 2024 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
  • დოკუმენტი გმობს დემონსტრანტებზე, ოპოზიციასა და მედიაზე ზეწოლას, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები, გამოიძიოს ძალადობისა და წამების ყველა შემთხვევა და სრულად შეასრულოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ 2026 წლის ანგარიშის რეკომენდაციები.
  • დეკლარაცია ასევე ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.

ასევე ნახეთ

"სკამების დატოვება ყველაზე ცუდი არჩევანია" - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო "ჰააგის დეკლარაცია", საქართველოზე კრიტიკული მუხლების ჩათვლით