„ტრამპის მთავარი დაპირებები იყო [უკრაინაში] ომის დასრულება. ასევე, მთავარი დაპირება და ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი იყო „დიპ სტეიტის“ დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს ორშაბათს, 26 იანვარს.
„ვგულშემატკივრობთ მას, თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა კალაძემ, შემდეგ კი თქვა:
„დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან „დიპ სტეიტი“ დაამარცხა. არც ერთი არის, არც მეორე, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში“.
კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით „არასამართლიანი“ იყო: „არასამართლიანი, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, მუქარები - ეს კატეგორიულად მიუღებელია“.
დღესვე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე“.
მისივე თქმითაც, ეს კონტექსტი „შექმნა [ექსპრეზიდენტი ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციამ“.
„ვნახოთ, ამ ფონზე როგორ განვითარდება, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტულია გზამკვლევით, ველოდებით მოთმინებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩამოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რეგიონული ვიზიტისას საქართველოში, განაცხადა, რომ ვიზიტი „კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება“.
- შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.
- „თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი)“, - დაწერა ტრამპმა.
- გასულ კვირაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დათანხმდნენ დონალდ ტრამპის მიერ ღაზის სექტორის აღსადგენად ინიციირებული „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად მიწვევას.
დონალდ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ, - ვაშინგტონი-თბილისის უპრეცედენტო განხეთქილების ფონზე, - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფიგურების მიერ განვითარებულ შეთქმულების თეორიაში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლა ტერმინმა „დიპ სტეიტმა“, - რასაც ტრამპი და მისი გუნდი ასევე ხშირად ახსენებდა, თუმცა, ექსპერტების თანახმად, განსხვავებული მნიშვნელობით.
ფორუმი