ამ გზას ალტერნატივა არ აქვს - კობახიძე „შუა დერეფანში“ საქართველოს როლზე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოზე გამავალი „შუა დერეფნის“ მარშრუტს „რეალური ალტერნატივა არ აქვს“.

16 ივლისს მას „იმედის“ ტელეწამყვანმა ჰკითხა: „ბრიუსელი შავი ზღვის სტრატეგიას განიხილავს საქართველოს გარეშე... რჩება თუ არა საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში, მათ შორის, სატრანზიტო ფუნქციის კუთხით? ვინაიდან თქვენი ოპონენტები მუდმივად ამტკიცებენ, რომ ეს გზა [„შუა დერეფანი“] ჩვენზე აღარ გაივლის“.

„ვერავინ შეცვლის გეოგრაფიას“

„ეს არის ნონსენსი. გზა სად გაივლის, ამას წყვეტს გეოგრაფია და ამ გზას რეალურად, ალტერნატივა, - რეალური ალტერნატივა, - არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვერავინ შეცვლის გეოგრაფიას… ეს არის რაღაც მარტივი პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც არის გათვლილი მოკლევადიან ეფექტზე. სხვა მეტი დატვირთვა ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, ვერ იქნება“, - განაცხადა მან.

„გეოგრაფია გვასწავლის იმას, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლურ სივრცესთან, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრებაც კი გაუჭირდა ევროკავშირის ბიუროკრატიას“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია

13 ივლისს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების შეფასება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა: „შავი ზღვის სტრატეგია გვაქვს გასული წლიდან. ახლა ლაპარაკია მის შესრულებაზე. შავი ზღვის გარშემო არსებული ქვეყნები, რა თქმა უნდა, არიან ამის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა ჩვენ გვაქვს პრობლემები საქართველოსთან - არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან, არ გვინდა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ხალხს“.

კალასის განცხადებას ორშაბათსვე, თბილისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერ კობახიძე და „ევროპული ბიუროკრატია“ მორიგჯერ დაადანაშაულა საქართველოში „რევოლუციის მცდელობის“ დაფინანსებაში.

ასევე ნახეთ

კალასი: არ გვინდა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, გვსურს საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. კობახიძე: ამ სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს

„ტრამპის მარშრუტი“

„ქართული ოცნების“ მთავრობა საგარეო პოლიტიკაში საქართველოს სატრანზიტო და დამაკავშირებელ ფუნქციას ერთგვარ „ჯოკერად“ აღიქვამს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობებში დამატებით ბერკეტებს აძლევს.

15 ივლისს „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა:

„შუა კორიდორის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და, შესაბამისად, მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ, ჩვენთან დასხდნენ და საუბარი დაიწყონ“.

ასევე ნახეთ

ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიიდან ევროპამდე - ფაშინიანი

ბოლო პერიოდში მედიაში საქართველოზე გამავალი მარშრუტის პოტენციურ კონკურენტად განიხილება სომხეთ-აზერბაიჯანზე გამავალი „ტრამპის მარშრუტის“, - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციირებული პროექტი, თუმცა მხარეების ნაწილი საჯარო განცხადებებში მას საქართველოს მარშრუტის შემავსებლად აღიქვამენ.

ასევე ნახეთ

აშშ-სგან $25 მლნ-იანი სესხით ფოთის პორტს ახალ ნავმისადგომს უშენებენ - დეტალები

25 ივნისს, როდესაც ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, ე როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტზე.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაგეგმილი „ტრამპის მარშრუტის“ პერსპექტივაზე - „რეგიონული კავშირების განმტკიცების“ კონტექსტში.

მანამდე, 2026 წლის 21 მაისს გერმანიის აწ უკვე ყოფილმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ - გერმანიის ელჩი